პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ახალი მუდმივმოქმედი 5-წევრიანი კომისია შეიქმნება. მისი ფუნქცია მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლეობის მოხსნა იქნება. ამ ფუნქციას აქამდე სასამართლო ასრულებდა.
ცვლილების ავტორი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროა, ინიციატორი კი - მთავრობა.
მუდმივმოქმედი კომისია ხუთი წევრიაგან უნდა დაკომპლექტდეს. მის შემადგენლობაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის სამი თანამშრომელი, როტაციის წესით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თითო წარმომადგენელი იქნება გაერთიანებულნი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურას მინისტრს დასამტკიცებლად სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო წარუდგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის სამ თანამშრომელს მინისტრი დაამტკიცებს, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დანიშნავს.
მუდმივმოქმედ კომისიას თავმჯდომარე ეყოლება, რომელსაც კომისიის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით აირჩევენ.
კანონპროექტის მიხედვით, თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ იქნება დასაშვები.