ზუსტად შეაფასა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მისი მოწინააღმდეგეთა ძალები და სწორად გათვალა თუ არა საკუთარი შესაძლებლობები? ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ფაქტი გახდა და ქვეყანაში მინავლებული პოლიტიკური ცხოვრება ოდნავ გამოცოცხლდა.
ლამის ლეგენდად ქცეული კარჩაკეტილობის შემდეგ ივანიშვილმა საოცრად მოკლე დროში მოახერხა საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღების მიპყრობა. იმის მიუხედავად თუ რა პათოსით და კონტექსტით ხდება ივანიშვილის პერსონის გაშუქება მედიაში, ის საკუთარ თავსა და მის პოლიტიკაში მოსვლას ლამის ყოველდღე ახსენებს საზოგადოებას. შეიძლება ითქვას რომ პროცესი უკვე ინერციით მიდის.
ქართულ მედია და პოლიტიკურ სივრცეში პარადოქსული რამ მოხდა. „ნაციონალურმა არხებმა" რომლებმაც ხელისუფლების დაკვეთით არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გაუფუჭეს იმიჯი, ივანიშვილს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს მისი პერსონის „პრომოუშენში" და თანაც ისე, რომ ბიზნესმენს ამაზე ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავს. უნიჭოდ მომზადებულმა მიკერძოებულმა „სპეციალურმა რეპორტაჟებმა," შეკვეთილმა სტატიებმა და „სახელისუფლებო ჟურნალისტების" მიერ ივანიშვილის პირველი პრეს-კონფერენციის ჩაშლის მცდელობამ, იმის საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღეს რასაც დამკვეთნი ელოდნენ. ამის ინდიკატორი თუნდაც სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეფასებებია. ასე რომ ინფორმაციულ ომში ხელისუფლებასთან შერკინების პირველი პროპაგანდისტული რაუნდი ბიძინა ივანიშვილმა თუ არ მოიგო, არც წაუგია.
თავის დროზე ჟან ჟაკ რუსსომ და გერმანელმა რომანტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის ბევრი პრობლემის სათავე ბუნებიდან მის მოწყვეტილობაშია. ჩვენს საკმაოდ კონსერვატიულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მყარად ცოცხლობს ადამიანის უშუალობისა და ბუნებრივობის კულტი. ამ ყოველივეს ორმაგი დატვირთვა ენიჭება თუკი ადამიანი საჯარო ფიგურაა და მითუმეტეს პოლიტიკოსი. მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი თანდათანობით კარგავს ამ ბუნებრიობას, რამაც 2003 წლებში იგი საზოგადოების კუმირად აქცია, ივანიშვილმა საზოგადოებასთან პირველივე კონტაქტისას სწორედ ამ ხაზგასმული ბუნებრიობით და შეიძლება ითქვას პროვინციული უშუალობით მოიგო ძალიან ბევრი ადამიანის გონება და გული. რაც მთავარია, ივანიშვილი მისი განცხადებებით, იმიჯით და სხეულის ენით საზოგადოების დიდ ნაწილში აჩენს ემოციურ სტიმულაციას და მისდამი უნებლიე სიმპათიებს.
ასევე კარგად გათვლილი ნაბიჯია ივანიშვილის მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული „ქართული ოცნების" იდეა, რომლის ინსტიტუციონალიზაცია ამჯერად იმავე სახელწოდების საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით ხდება. ივანიშვილი საზოგადოების მასობრივ ცნობიერებაში „მოწყვლად ადგილებს" ეძებს და მათზე ზემოქმედებას ცდილობს. მისი ქმედებები ხალხზე არ ტოვებს სააკაშვილის ქმედებებზე კონტრქმედების ან სააკაშვილის ტაქტიკის რეპროდუქციის შთაბეჭდილებას, რითაც აქამდე სცოდავდა დანარჩენი ოპოზიცია. „ქართული ოცნების" სახით ივანიშვილი ცდილობს საზოგადოებას ახალი და საზოგადოების წიაღშივე შექმნილი პროდუქტი წარუდგინოს. თუმცა, პოლიტტექნოლოგიებში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანისთვისაც კი ნათელია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით ივანიშვილი პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. პოლიტიკურ აქტივობას იგი სავარაუდოდ მცირე მასშტაბის აქციებით დაიწყებს, რაც პრაქტიკულად უკვე დაწყებულია თუნდაც ქართუ ბანკში მოქალაქეების მიერ სიმბოლური ანაბრების ნებაყოფლობითი გახსნით. სოციალური ფსიქოლოგიით დადგენილია, რომ ადამიანი უფრო იოლად ერთვება დიდ და მასშტაბურ აქციებში, თუკი ის მანამდე დათანხმდა უფრო მცირე მასშტაბის მოქმედებაში მონაწილეობას.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება და მისი მომხრეები დღეს ინტენსიურად ეძებენ ბიძინა ივანიშვილის მოწყვლად ადგილებს, რათა დარტყმები სწორედ ამ ადგილებზე განახორციელონ. მოქალაქეობის ჩამორთმევა და დეპორტაციით დამუქრება, ბანკ „ქართუს" განადგურების უკვე დაუფარავი მცდელობები და საქართველოში ივანიშვილის ბიზნეს სტრუქტურებისათვის პრობლემების შექმნა ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად აყალიბებს ივანიშვილზე უარყოფით სტერეოტიპებს ეს იმიტომ ხდება რომ დღეს ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა ქართულ საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური იმიჯისა და ავტორიტეტის გაცამტვერება ან მინიმუმამდე დაყვანა. შემდეგი ამოცანა იქნება უკვე საერთაშორისო წრეებში ივანიშვილის როგორც „კრემლის პროექტის" წარმოჩენა. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელია როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე სერიოზული გართულებების გარეშე ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო სერიოზული და მტკივნეული ზომების განხორციელებაც. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება გარკვეული კორექტივებით, მაგრამ მაინც იმეორებს იმ სცენარს რაც ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ განახორციელა. რამდენად გამოუვა მას ეს ყველაფერი, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე რამდენ და რა ხარისხის შეცდომებს დაუშვებს თავად ბიძინა ივანიშვილი.
მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის როგორმე თავიდან აიცილოს საზოგადოებაში მისი ნეგატიური იმიჯის ფორმირება, რაზედაც დღეს აქტიურად მუშაობს ხელისუფლება. თუმცა, პოლიტექნოლოგიებსა და პოლიტპიარში საკმაოდ გაწაფული „ნაციონალური" ხელისუფლება ერთი მეორეზე მიყოლებით უშვებს შეცდომებს და მოსახლეობის თვალში ძალიან სწრაფად განიცდის დემორალიზაციას. ხელისუფლების ერთ-ერთი შეცდომა იმაშია, რომ მათ ივანიშვილის დისკრედიტაციის მისია მიანდეს ისეთ პიროვნებებს, რომელთაც საზოგადოებაში რბილად რომ ვთქვათ „ნულოვანი ავტორიტეტი" გააჩნიათ.
სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება, რომელიც ჯერჯერობით „ცივი ომის" სტადიაშია. საზოგადდოებაც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ და იმიჯურ ომს ამ ორ ერთმანეთისაგან ყველა პარამეტრით დიამეტრალურად განსხვავებული პიროვნებებს შორის.
თავად მიხეილ სააკაშვილი ბრძოლაში უშუალოდ არ ჩართულა. იგი ძირითადად ხელქვეითების მეშვეობით ვერბალურად უპირისპირდება ივანიშვილს და ჯერჯერობით წარუმატებლად. თუმცა 28 ოქტომბერს, უკრაინის ვიცე-პრემიერ ტიგიპკოსთან შეხვედრაზე გადმოგდებული ფრაზა, რომ „საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს," ალბათ ივანიშვილის მისამართით მის პირველ გასროლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ამ ფრაზას მოყოლილი სააკაშვილის აღიარება, რომ „ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ და რომ პრობლემები კვლავ რჩება," ნიშნავს, რომ სააკაშვილმა როგორც გამოცდილმა პოლიტექნოლოგმა გააცნობიერა ერთი რამ. ამიერიდან მის ბაგეთაგან გამოსული ვერბალური ფორმულირებები გაცილებით უფრო მკაცრი საზომებით შეფასდება როგორც ქვენის შიგნით ისე მის გარეთ. ვერბალურ ფორმულირებას შეუძლია სიტუაციის კატალიზატორის ან ნეიტრალიზატორის ფუნქცია შეასრულოს. სააკაშვილის გაუაზრებელ ვერბალურ ფორმულირებას სომხეთის მისამართით, უკვე მოჰყვა სერიოზული გართულება ორ ქვეყანას შორის და სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დემონსტრატიული გადადება. სამომავლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს არაერთხელ მოუწევთ ამ ფრონტზე შეჯახება. სააკაშვილის 15 წლიანი აქტიური პოლიტიკური კარიერის მანძილზე მისი როგორც ლიდერის ვერბალიზაცია მოხდა და მისმა ეფექტურმა ვერბალურმა კომუნიკაციამ აუდიტორიასთან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის წარმატებაში და ასრულებს კიდეც. ამიტომაც არის რომ „ნაციონალური მოძრაობა" ძირითადად სააკაშვილს იყენებს წინ, როდესაც რაიმე სფეროში კრიტიკული სიტუაციის გამოსწორებაზე მიდგება საქმე.
ივანიშვილის როგორც ლიდერის „ვერბალიზაციის" პროცესი კი ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაშია. ივანიშვილის განცხადებამ, რომ მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის გარეშე ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვლება შექმნა ერთგვარი დაძაბულობის განცდა. თუმცა მან იქვე მოახდინა დაძაბულობის განმუხტვის დემონსტრირებაც როდესაც განაცხადა, რომ წინააღმდეგია რევოლუციებისა და მასობრივი ქუჩის აქციების. ამავე დროს, რუსეთთან და ნატო-სთან ურთიერთობებზე ორაზროვანი განცხადებებით ივანიშვილმა ფართო ასპარეზი გაუხსნა მისთვის პოლიტიკურად წამგებიან სპეკულაციებს.
ასეა თუ ისე, ვერბალიზაციის კუთხით, სააკაშვილს ივანიშვილთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს. სააკაშვილის აქტივებშია ჯერ კიდევ შემორჩენილი, თუმცა გვარიანად გაცვეთილი სახელისუფლებო ქარიზმა, მხარდაჭერა დასავლეთის გარკვეული წრეებისა და ლიბერალურად განწყობილი ქართული საზოგადოების მცირე მაგრამ საკმაოდ აქტიური ნაწილის მხრიდან, ასევე კარგად გამართული ადმინისტრაციული რესურსი და რეპრესიული აპარატი. თუმცა ამ ორი უკანასკნელის მხარდაჭერა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, თუკი ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო მათი სათანადოდ დაპურება, რაც დიდი ალბათობით შეიძლება მოხდეს მოსალოდნელი ეკონომიკური სიძნელეების ფონზე. სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის თბილისის მერიაში, უკვე ბევრი თანამშრომელი უჩივის ხელფასების დაგვიანებას.
ქვეყნისთვის და ხალხისათვის რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუკი ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირება ინფორმაციულ და იმიჯურ ომს არ გასცდება. თანასწორი კონკურენციის პირობებში, დღევანდელი ქართული საზოგადოების ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, ფიზიკური-ემოციური და კულტურული პარამეტრები ორივე ლიდერს დაახლოებით თანაბარ შანსს აძლევს. მისი მთავარი მეტოქისგან განსხვავებით, ივანიშვილს განათლება დასავლეთში არ მიუღია. დასავლურ პოლიტელიტასთან მისი ურთიერთობები ალბათ მინიმალურია. მის მიერ გამოხატული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილს დასავლელი ჟურნალისტები თუ ანალიტიკოსები ალბათ ვერ მიაკერებენ იარლიყს "PRO-WESTERN," რომელიც მყარად მიეწება მიხეილ სააკაშვილს და არაერთხელ გამოდგა მისთვის გაჭირვების ტალკვესი. სავარაუდოდ იგი ამ „ტალკვესს" სხვა საშუალებებთან ერთად არაერთხელ გამოიყენებს ივანიშვილთან დაპირისპირებაში.
სააკაშვილიცა და ივანიშვილიც ერთმანეთის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს სამართლიანობის დროშის ქვეშ აწარმოებენ და საზოგადოებამ ან ერთის უნდა ირწმუნოს ან მეორის. პრობლემა იმაშია, რომ სააკაშვილი მისი პოზიციის სამართლიანობის დასამტკიცებლად ხშირად იყენებს მითებს, რადგანაც მითები დამატებით მტკიცებულებებს არ საჭიროებენ. ივანიშვილიც იძულებულია გარკვეულწილად აჰყვეს ამ თამაშში სააკაშვილს. ის ცდილობს მოსახლეობაში შიშის აქტივაცია მოახდინოს განცხადებებით რომ „სამშობლო და ქვეყანა გვეკარგება," რომ მოსალოდნელია „უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი" და ა.შ. თუმცა იქვე ნეგატიური მუხტის პარალელურად ივანიშვილს შემოაქვს პოზიტიური და იმედის გამჩენი მუხტი, რომ მას და მის გუნდს ძალუძთ სიტუაციის გამოსწორება.
სწორედ ამიტომ აქვს ივანიშვილისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა მედია საშუალებების შეძენას. თუ ბიზნესმენს სურს რომ ხელისუფლებასთან მეტნაკლებად თანასწორ პირობებით იბრძოლოს, მათ შორის ინფორმაციულ ველზე, ფული არა მარტო ტელეკომპანიების, არამედ რადიოების, ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემების შეძენაზე ან შექმნზე უნდა დახარჯოს. ამით ივანიშვილი ქვეყანაში არსებული მონოლოგიური კომუნიკაციის დემოკრატიული კომუნიკაციით ჩანაცვლებას შეუწყობდა ხელს.
ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის წარმატება - წარუმატებლობის პროგნოზირება დღეს უკიდურესად რთულია. თავის დროზე ჯონ კენედიმ ასეთი რამ თქვა: „ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება."
"ჯი-ეიჩ-ენი" ზაალ ანჯაფარიძე