თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს დეპუტატების თინა ხიდაშელისა და ზურაბ აბაშიძის ბრალდებასთნ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 2011 წლის 21 ივლისს თინათინ ხიდაშელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ თბილისის საკრებულოს მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის 24.06.2011წ. №7-38 გადაწყვეტილება.
"სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული 2011 წლის 26 ივლისს. დაიწყო საქმის არსებითი განხილვისთვის მომზადება: მოპასუხე მხარეს გადაეგზავნა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით და დაენიშნა 5-დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად. სარჩელი მოპასუხეს ჩაბარდა 27 ივლისს, ხოლო შესაგებელი წარმოდგენილ იქნა სასამართლოში 1 აგვისტოს. შესაგებელი გაეგზავნა მოსარჩელეს 2011 წლის 4 აგვისტოს და ჩაბარდა მას 10 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე 2011 წლის 17 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში; აღნიშნულიდან და საქმის განსაკუთრებული სირთულიდან გამომდინარე, სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულია 5 თვემდე, რომელიც იწურება 2011 წლის 26 დეკემბერს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ დარღვეულა საქმის განხილვის საპროცესო ვადა და არ დასტურდება მოსამართლის მიერ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების ფაქტი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხიდაშელი და აბაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მათი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვენ, რომელიც დასუფთავების გადასახადისგან ელექტროენერგიის მოსკარებელის გამოყოფას ეხება. როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სასამართლომ სარჩელის განხილვის ყველანაირი ვადა დაარღვია.