საია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ მურმან კალანდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ზუგდიდის მე-4 საპყრობილის პატიმარი 2011 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა საპყრობილიდან თბილისის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ჩვენთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, რომ მ. კალანდიას გარდაცვალების მიზეზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობაა. სამწუხაროა, რომ პატიმართა გარდაცვალების ფაქტებს კვლავ აქვს ადგილი და თანაც უკანასკნელ პერიოდში გახშირებული პერიოდულობით, რაც ყოველმხრივ გაუმართლებელია და სათანადო რეაგირებას საჭიროებს", - ნათქვამია საია-ს მიერგავრცელებულ განცხადებაში.
საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხდება შესაბამისი რეაგირება და გამოძიება წარიმართება სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, რათა პასუხი გაეცეს ოჯახისა და საზოგადოების კითხვებს.