სეპარატისტულ აფხაზეთში სამურზაყანოს (ასე უწოდებენ სეპარატისტები გალის რაიონის მოსახლეობას) მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში "ინტეგრირებაზე" იწყებენ "ზრუნვას". სეპარატისტები ამისათვის თავდაპირველად, არააგრესიულ, შეგონებითი ხასიათის მეთოდს ირჩევენ, რაც გალის რაიონის ძირითადად ქართული ეროვნების მოსახლეობისათვის იმის "გახსენებაში" გამოიხატება, რომ მათი წინაპრები აფხაზი ეროვნების იყვნენ და საუკუნეების წინ მათი გვარები "სულ სხვანაირად ჟღერდა ვიდრე ახლა".
სეპარატისტებმა, როგორც ჩანს, ამ საქმის პირველ ეტაპზე აფხაზ უხუცესთა ჩართვა გადაწყვიტეს. მათი გადაწყვეტილებით, აფხაზეთის უხუცესები, გალის რაიონის უხუცესებთან "მუშაობასა და შეხვედრებს" ჩაატარებენ, იმისათვის რათა მათ საკუთარი "ისტორიული წარსული და ეროვნება გაახსენონ".
თუ ამ დრომდე, სეპარატისტულ აფხაზეთში ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ "კადრს მიღმა" მიმდინარეობდა და სეპარატისტები შეშფოთებასა და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმით, რომ გალის რაიონი ძირითადად ქართული ეროვნების მოსახლეობით იყო დასახლებული. ახლა როგორც ჩანს, ე.წ. აფხაზური სახელმწიფო ამ მიმართულებით ღია თამაშზე გადავიდა და ამ "პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების" გადადგმასა და ამ პროცეში ახალგაზრდობის ჩართვასაც აპირებს.
"სამურზაყანო - ეს აფხაზეთის ნაწილია და იგი ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებთან ერთად უნდა განვითარდეს. სამურზაყანოში ისტორიული მოვლენების გამო აფხაზური გვარები ქართულად გადაკეთდა, ხოლო აფხაზები ქართველებად ჩაწერეს. გალის რაიონში მრავალი ბრძენი ადამიანია, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის აზრს უნდა გამოთქვამდეს", _ განაცხადა ე.წ. პარლამენტში სწორედ ამ თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ.
შეხვედრას აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალური რესურსები" იყო.
შეხვედრაზე ოჩამჩირის რაიონის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კვიწინიამ განაცხადა, რომ "მრავალ სამურზაყანოელს - ეთნიკურ აფხაზებს თავისი ისტორიული გვარის, თავისი ეროვნების დაბრუნება სურს", რაზეც ნუგზარ აშუბამ განმარტება გააკეთა:
"გვარისა და ეროვნების შეცვლისათვის აფხაზეთის მოქალაქისათვიუს მხოლოდ განცხადების დაწერაა საკმარისი. მთავარია სურვილი", _ განაცხადა აშუბამ.
"ომის შემდეგ იმის გაკეთებაც ვერ შევძელით, რომ სამურზაყანოელებს ისევე შესტკიოდეთ გული აფხაზეთზე, როგორც აფხაზეთის დანარჩენ მოსახლეობას. ამიტომაც თუ ამ საქმეში უხუცესები ჩაერთვებიან შედეგიც იქნება. უხუცესების სიტყვაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული", _ განაცხადა შეხვედრის დამსწრე ე.წ. დეპუტატმა ლევ შამბამ.
აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე ოზგანმა კი მიმართა გალის რაიონის მოსახლეობას და ასეთი რამ განაცხადა: "სამურზაყანოში დღეს ისეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებისთვისაც აფხაზეთის ბედი სულერთი არაა. თქვენ თქვენი წინაპრების მიწაზე ცხოვრობთ, თქვენი წინაპრების ისტორია იცით და თუ დღეს თქვენი გვარი ისე არ ჟღერს, როგორც საუკუნეების წინათ - ეს პრობლემა არ არის. სურვილის შემთხვევაში თქვენ თქვენი ისტორიული გვარების დაბრუნებას შეძლებთ".
შეხვედრის დასასრულს, მისმა ორგანიზატორმა ციზა ცუგბამ განაცხადა, რომ ამ პროცესში იგი ახალგაზრდობის ჩართვასაც აპირებს.
"ჩემი პროექტი უკვე მრავალი წელია გრძელდება და მე გალის რაიონის მოსახლეობაზე ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია სამუღზაყანოს მოსახლეობის ინტეგრაცია აფხაზურ საზოგადოებაში და გადავწყვიტე, რომუხუცესებიდან უნდა დამეწყო. თანდათან ამ საქმეში ახალგაზრდობასაც ვრთავ, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს შეხვედრებში და გაიგონ თუ რაზე საუბრობენ მათი ბაბუები", _ განაცხადა ცუგბამ.
მასალის გამოყენების პირობები