ყირგიზელი პილოტები დამნაშავეები არ არიან თურქეთის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში. ეს განცხადება ლაინერ "ილ-76"-ის მეთაურმა დიმიტრი პალაშკინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ყირგიზული მედია ავრცელებს.
"პილოტები დისპეჩერების ბრძანებას ასრულებდნენ და დადგენილ ნიშნულს იქით არ გადასულან. როდესაც ჩვენ ინციდენტის ადგილი დავათვალიერეთ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ საქართველოს თვითმფრინავმა დაარღვია დგომის წესები და დანიშნულ ადგილამდე 6 მეტრის დაშორებით გაჩერდა", _ აცხადებს პალაშკინი და აღნიშნავს:
"როდესაც ჩვენ მათ ვკითხეთ, თუ რატომ გაიწია თვითმფრინავმა უკან, ჩვენ გვითხრეს, რომ მის ბორტზე დიდი რაოდენობით ტვირთი იყო და ამიტომაც იგი იძულებული იყო ადგილმდებარეობა შეეცვალა. მაგრამ მათ ჩვენ ამის შესახებ უნდა გავეფრთხილებინეთ.
ამასთან ერთა მისივე თქმით, დისპეჩერი ვალდებულია, რომ თვითმფრინავების გადაადგილების მთელი ინფორმაცია ჩაწეროს და თურქულმა მხარემ ეს ჩანაწერები უნდა წარმოადგინოს.
"და მაშინ გახდება ნათელი, რომ ჩვენი ბრალეულობა ამაში არ არის. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", _ აცხადებს მეთაური.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზული ავიალაინერი, რომელსაც თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა ქალაქ ერზერუმის აეროპორტში ქართულ თვითმფრინავს შეეჯახა, რომელიც ქართული ავიაკომპანია Sky Georgia-ს საკუთრებაა და თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად იმყოფებოდა.
ქალაქ ერზერუმის მერის მოადგილის ოზგურ არსლანის ინფორმაციით, ყურგიზულმა თვითმფრინავმა მანევრირების დროს გაჩერებულ ქართულ თვითმფრინავს ფრთა გამოსდო.
ამჟამად, ორივე თვითმფრინავი თურქეთში იმყოფება, ვინაიდან შეჯახების შედეგად მათი ფრთები დაზიანებულია. მიმდინარეობს გამოძიება.