საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებებს აქვეყნებს.
მათი განცხადებით, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით და პირადი ხასიათის კორესპონდენციების მიღების და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით, დისციპლინური სახდელის არაგონივრულ სახეს წარმოადგენს.
"საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკის პირობებში, პატიმრის დაცვის ერთ-ერთ გარანტად სწორედ სატელეფონო საუბარი და კორესპონდენციებზე ხელმისაწვდომობაა წარმოდგენილი. სახდელის სახით მათი შეზღუდვა გამოიწვევს პატიმრის სრულ იზოლაციაში მოქცევას და თავად ადვოკატთან ურთიერთობის აკრძალვასაც კი. ეს უკანასკნელი პირდაპირ ეწინააღმდეგება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის რეკომენდაციას საქართველოს მიმართ. ზემოთ აღნიშნული სახდელის დაკისრებით, ადვოკატის მიმართ ხელმისაწვდომობა ავტომატურად გამოირიცხება, რადგან პატიმრობის კოდექსში ვერ ვხვდებით ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ადვოკატთან კომუნიკაცია პატიმარს არ შეიძლება შეეზღუდოს სახდელის დაკისრების შემთხვევაში. შესაბამისად, სატელეფონო საუბრის უფლებისა თუ პირადი ხასიათის კორესპონდენციების მიღების/გაგზავნის უფლების შეზღუდვა პატიმარს დააბრკოლებს არასათანადო მოპყრობის საკითხთან დაკავშირებული საჩივრის ან განცხადების შესაბამისი ადრესატისთვის (მაგალითად, სახალხო დამცველისათვის) მიწოდებაში იმ ფონზე, როდესაც მას ადვოკატთან კონტაქტის უფლებაც კი არ ექნება", - აცხადებენ ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
საიას განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველისთვის მიმართვა, რომელიც სწორედ კორესპონდენციის საფუძველზე ხორციელდება, პატიმარს ასევე აეკრძალება ზემოაღნიშნული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, რაც მისთვის დაცვის ერთ-ერთი გარანტიის ჩამორთმევას წარმოადგენს.
"კანონპროექტის მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა დისციპლინური სახდელის მოქმედების, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისთვის დაწესებული წინაპირობის გაუქმება. აღნიშნული წინაპირობის მოხსნა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომისას გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და უფრო მეტად დახვეწოს კანონპროექტი", - აღნიშნავენ საია-ში.
მათი განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს სატელეფონო საუბრის, ვიდეოპაემნისა და პაემნის რაოდენობის გაზრდას, როგორც პატიმრის წახალისების ფორმას, ასევე, მოიცავს მთელ რიგ შემზღუდავ ცვლილებებსა და დამატებებს. მაგალითად, კანონპროექტის მე-9 მუხლით, დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს ახალი სახეები ემატება. ესენია: თ) სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციების მიღების და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით, ლ) ფულადი გზავნილის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით.