შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 1978 წ.დ. ანდრანიკ მურადიანი, რომელსაც ბრალი ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.
თბილისში სათანადო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა სათამაშო კლუბი, სადაც იკრიბებოდნენ პიროვნებები, თამაშობდნენ „პოკერს" და მოგებულ და წაგებულ თანხებს ანაღდებდნენ დათქმულ დროს რამდენიმე დღის შემდეგ. კლუბი ეკუთვნოდა ზემოთხსენებულ ანდრანიკ მურადიანს, რომელიც მოთამაშეებისგან სათამაშო ადგილის გამოყოფის სანაცვლოდ იღებდა გარკვეულ საფასურს და აწესრიგებდა მოთამაშეებს შორის წაგების ან მოგების შემთხვევაში თანხების გასტუმრების საკითხს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს სამსახური. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით. (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) .