პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ახალი კომისია შეიქმნება. მუდმივმოქმედი კომისია 5 წევრისგან დაკომპლექტდება. კომისიის ფუნქცია მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლეობის მოხსნა იქნება, რასაც აქამდე სასამართლო ასრულებდა.
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 3 თანამშრომელი, როტაციის წესით - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი.
მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურას მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო.
მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 3 თანამშრომელს მინისტრი დაამტკიცებს, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დანიშნავს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვები იქნება გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ.