ისრაელის მოქალაქეების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ყოფითი მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებული მოქალაქეების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
"ისეთი პრობლემები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სექტემბრის მეორე ნახევარში, ამჟამად აღარ არის. მხედველობაში მაქვს არასათანადო მოპყრობა. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა, არის საავადმყოფოში და გადის მკურნალობას. ამჟამად ისინი იღებენ იმ მოპყრობას, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისი თქმით, ფუქსი იმყოფება ქსნის მე-15 დაწესებულებაში. ხოლო ფრენკელი ე.წ. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მე-18 დაწესებულებაში.
შეგახსენებთ, რომ ფრენკელმა ინფარქტი გადაიტანა, მას ოპერაცია ჩაუტარდა ქუთაისში, ახლა კი რეაბლიტაციას გადის.
22 სექტემბერს ისრაელის საელჩო საქართველოში აღშფოთებას გამოთქვამდა ციხეში ისრაელის მოქალაქეების, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.