"ლაით ჯგუფს" როსტომ მეფის სასახლესთან მიმართებაში უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი კაპიტალის" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, "ახალი კაპიტალი" აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოს მიმართავს.
"მათ დოკუმენტები არ წარმოუდგენიათ. ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ორგანოს ძველი თბილისის პოლიციას, რომელიც პასუხისმგებელია უკანონო მფლობელობისგან უძრავი ქონების განთავისუფლებაზე", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისი თქმით, მიმართვას "ახალი კაპიტალი" დღეს საღამოს ან ხვალ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ "ლაით ჯგუფი" "ქართუ ჯგუფის" შემადგენლობაში შემავალ კომპანია "ახალ კაპიტალს" როსტომ მეფის სასახლის ფართის ნაწილში ედავება. "ახალმა კაპიტალმა" "ლაით ჯგუფს" როსტომ მეფის სასახლესთან მიმართებაში უფლებამოსილების დოკუმენტების წარმოსადგენად ვადა დღეს, 15:00 საათამდე მისცა.