პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პრობაციის ბიუროში ზოგიერთი მიზეზის გამო გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვლება.
ცვლილებები შედის "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, მსჯავრდებულს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ ეთვლება, თუ პრობაციის ბიუროში გამოცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია. ექიმის შესაბამისი ცნობის საფუძველზე მსჯავრდებულს რეჟიმის დარღვევა საპატოდ ეთვლება.
გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებაა ახლო ნათესავის გარდაცვალება, აგრეთვე სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევები, რაც სახელმწიფო დაწესებულებების შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება.
მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან, აგრეთვე სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება.
"არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილბების პროექტი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მოამზადა.