თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა წარსულში ნასამართლევი ლაშა გაგნიძის მიმართ, რომელსაც ბრალი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის წარედგინა და მას 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლო განხილვისას ლაშა გაგნიძემ სრულად აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. გარდა ლაშა გაგნიძის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, სატელეფონო საუბრების კრებსებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დაკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. სასჯელის 2 წელსა და 6 თვეს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმის მასალების მიხედვით, ლაშა გაგნიძემ ქორწილის გადახდა 2011 წლის 30 აპრილს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან "სენატში" გადაწყვიტა. ამავე წლის 24 აპრილს ლაშა გაგნიძე და რესტორნის მენეჯერი შეთანხმდნენ, რომ ლ. გაგნიძე ორი დღის განმავლობში "ბეს" სახით წინასწარ 2000 (ორი ათასი) ლარს გადაიხდიდა. ფულადი თანხის გადახდის მიზნით, ის მართლაც მივიდა ზემოაღნიშნულ რესტორანში, თუმცა რესტორან "სენატში" საქორწინო დარბაზები უკვე დაკავებული იყო, რის გამოც, მან ვერ მოახერხა საქორწინო სუფრის შეკვეთა. ამ დროისათვის ლაშა გაგნიძეს სტუმრები, რესტორან "სენატში" უკვე დაპატიჟებული ჰყავდა. მას მოერიდა მათთვის განმარტების მიცემა და გადაწყვიტა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განეხორციელებინა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ შეტყობინება გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ის მოახერხებდა სტუმრებისთვის რეალური მიზეზის დამალვას. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით, 30 აპრილს, გაგნიძე სტუმრებთან ერთად აღნიშნულ რესტორანში მივიდა. დაახლოებით 17:50 წუთზე მან მეუღლის სარგებლობაში არსებული სილქნეტის უკაბელო ტელეფონიდან საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რადიოსადგურ "022"-ის ოპერატორთან განახორციელა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, თითქოსდა რესტორან "სანატში" იყო ბომბი.