ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელს ვალერი ლევინს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ვალერი ლევინს, რომელიც 22 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, ძიების დასრულებამდე აკრძალული ჰქონდა საქართველოს საზღვრების დატოვება. ლევინი საქართველოს დღეს დატოვებს.
"ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენლის დაკავების მიზეზი გახდა ქვები, რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ „ქვების ენერგიას" მოჰყვება და მას ბიძინა ივანიშვილის 14 წლის ქალიშვილი გვანცა აგროვებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებისთანავე გააკეთა განცხადება რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მათ ქონდათ ინფორმაცია რომ ლევინს საქართველოში რადიოაქტიული ნივთიერებები შემოჰქონდა. თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ ჩამორთმეული ქვები დააბრუნა, შემდეგ კი ვალერი ლევინს ქვეყნის დატოვების ნებართვაც მისცა", - ნათქვამია ივანიშვილის პრესამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.