წამყვანი ებრაელი პუბლიცისტი ბენ კასპიტი აცხადებს: საქართველოს ციხეში მყოფი პატიმრების, ებრაელი ბიზნესმენების - ფუქსისა და ფრენკელის დრო იწურება - ერთი დიაბეტითაა დაავადებული მეორემ კი ციხეში ინფარქტი გადაიტანა. კარპენი ნეთანიაჰუს აშშ-ში თავისი კავშირების გამოყენებასა და "ქართული ჯიბისათვის დარტყმის მიყენებას" ურჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული გამოცემა "იზრუსი" ავრცელებს.
ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ბენ კასპიტი თავის სტატიაში, რომელსაც გაზეთი "მაარივი" აქვეყნებს წერს, რომ საქართველოს ციხეში მყოფი ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის "დრო დასასრულს უახლოვდება". კასპიტი ასევე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში იგი ბიზნესმენების გათავისუფლებაზე კი არა, არამედ მათ აღსასრულზე საუბრობს.
ებრაული მედია აღნიშნავს, რომ ფუქსი - დიაბეტითაა დაავადებული და მას, პერიოზულად, სპეციალურ კვებაზე უარს ეუბნებიან, მეტიც, ფუქსს ექიმის გამოძახებაზეც კი უთხრეს უარი.
"ღამით მას აღვიძებენ ნიღბიანი ადამიანები და კამერაში ჩხრეკას ატარებენ, ხანდახან ეს ერთ საათში რამდენჯერმე ხდება. ფრენკელი კი სხვა კამერაში გადაიყვანეს მას შემდეგ რაც მან გამუდმებული შეურაცხყოფის შემდეგ ინფარქტი მიიღო", _ წერს ებრაული მედია.
კასპიტი ისრაელის ხელისუფლებას ურჩევს საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო ხისტი პოზიცია დაიკავოს.
"რონი ფუქსი უკვე არც ახალგაზრდაა და არც ჯანმრთელი. მის გასანთავისუფლებლად არ არის საჭირო ათასობით მკვლელის განთავისუფლება, როგორც ეს გილად შალიტის შემთხვევაში მოხდა, ერთის განთავისუფლებაც არ არის საჭირო. საჭიროა მხოლოდ ქართველებს გააგებინო, რომ ებრაელი მეწარმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მათ ძვირად დაუჯდებათ. ისინი გადაიხდიან ბევრად მეტს ვიდრე ის ასი მილიონია, რომელიც მათ ფუქსისა და მისი ბერძენი პარტნიორის კარდასოპულუსის მართებთ", _ წერს კასპიტი და აღნიშნავს, რომ ბიზნესმენების გასანთავისუფლებლად ძალიან ცოტა ადამიანი იბრძვის.
"უპირველეს ყოვლისა ეს საგარეო საქმეთა მინისტრი აგვიდორ ლიბერმანია. ეს ერთადერთი ადამიანია მთავრობაში, რომელიც მართლაც რაღაცის გაკეთებას ცდილობს. მასთან ერთად არიან საქართველოში ისრაელის ელჩი იცხაკ გერბერგი, დაკავებულების ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, ასევე ფიქსის ბავშვობის მეგობრები: იოჰან ცანგენი - ტელეკომპანია "რეშეტის" ყოფილი დირექტორი და გავლენიანი ბიზნესმენი - უდი ენდჟელი", _ წერს ბენ კასპიტი და აღნიშნავს, რომ დაკავებულები თავს უმწეოდ გრძნობენ და ამიტომაც ქართველები თამაშის საკუთარი წესებით თამაშობენ.
დასასრულს კასრიტი წერს, რომ საუბარი არ მიდის რაღაც ტერორისტულ დაჯგუფებაზე, არამედ სახელმწიფოზე, რომელთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ "მისი ხელისუფლება ისე იქცევა თითქოს დამნაშავეთა კლანი იყოს, ხოლო ფუქსისა და ფრენკელის საქმე მაფიის შესახებ გადაღებულ მცირებიუჯეტიან ფილმს ჰგავს. ასე, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არა მხოლოდ მკვლელების განთავისუფლებით უნდა დაკავდეს, არამედ კეთილსინდისიერ ბიზნესმენთა განთავისუფლების საქმეში უნდა ჩაერთოს, რომლებიც მათთვის დაგებულ მახეში გაებნენ და რადგან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის იგნორირებას ახდენს ნეთანიაჰუმ აშშ-ში არსებული თავისი კავშირები უნდა აამოქმედოს".