ადვოკატი თეონა ფერაძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ გულაშვილის გამოძიებასთნ თანამშრომლობას უარყოფს.
"გულაშვილმა აღიარა დანაშაული. არანაირ თანამშრომლობას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, აღიარა დანაშაული საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის არის კარგად და მზად არის მოიხადოს სასჯელი, რაც არის გათვალისწინებული კანონით", - განაცხადა ფერაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზედაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით. დავით გულაშვილის მიმართ კი, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოყენებულია გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" განხილვა ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. თავად მალხაზ გულაშვილი კი, არსებული ინფორმაციით, ცხინვალის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.