სამართალდამცველებმა აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მალხაზ გულაშვილი დააკავეს . დაკავებს 25 ოქტომბერს მოხდა.
მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. მასთან ერთად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, დაკავებულია ასევე ძებნილი დავით გულაშვილი.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით.
დავით გულაშვილის მიმართ კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" განხილვა ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. თავად მალხაზ გულაშვილი კი, არსებული ინფორმაციით, ცხინვალის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.