ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს წარმომადგენელთა განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პირადი იარაღის სხვისთვის გადაფორმებაზე უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ივანიშვილის პიროვნების იდენტიფიცირება ვერ შეძლო.
"ივანიშვილს უარი ეთქვა პირადი იარაღის გადაფორმებაზე, რომელზედაც სარეგისტრაციო მოწმობა საქართველოს მოქალაქეობის პერიოდში, 2010 წლის 1-ელ ნოემბერს გაიცა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული იარაღის შენახვის საკითხი. 2011 წლის 21 ოქტომბერს საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეზე იარაღის გადაფორმების მოთხოვნით შსს-ის მომსახურების სააგენტოს მიმართა. ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ, მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი. მომსახურების სააგენტოს ოფიცერმა განმარტა, რომ გაუგებარია, როგორ არის რეგისტრირებული საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ივანიშვილის იდენტიფიკაცია შეუძლებელია. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაირკვეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის საკითხი", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.
ივანიშვილის პრესსამდივნოს წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედების საფუძველი არ გახდება.