ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელ ვალერი ლევინის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრესსამდინოდან აცნობეს, ლევინს გამოძიების დასრულებამდე ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვება აუკრძალეს.
"ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. ვალერი ლევინს გამოძიების დასრულებამდე ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვება აუკრძალეს. ადვოკატებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს დაედგინათ რატომ დააკავეს ვალერი ლევინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ვალერი ლევინის ადვოკატები გამომძიებლებს დღეს 15:00 საათისთვის შეხვდებიან. ვალერი ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვალერი ლევინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ საღამოს დააკავეს და დღის ბოლოს გაათავისუფლეს. პრესსამდივნოს ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მას დოკუმენტაცია დაუბრუნეს, თუმცა დღემდე არ განუმარტავთ რა მოტივით იყო ის დაკავებული.