საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირებას კახეთიდან იწყებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, კახეთის რეგიონიდან განაცხადი წარმოადგინა 19-მა ფოლკლორულმა ანსამბლმა.
24 ოქტომბერს, 12.00 სთ-ზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში შეიკრიბებიან ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირების კომისიის წევრები და გაიმართება სერტიფიცირებაში მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების დათვალიერება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ ჯიბუტი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლ "რუსთავის" ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე.
ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფოლკლორულ ანსამბლებს მიანიჭებს სერტიფიკატს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზნებია ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა, ფოლკლორული ანსამბლების შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა და საზოგადოებისათვის ქართული ფოლკლორის სათანადო დონეზე წარმოჩენა.
ფოლკლორული ანსამბლებისათვის სერტიფიცირების პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
სერტიფიცირება არ ვრცელდება სახელმწიფო ანსამბლებზე. აღნიშნული პროექტი, ასევე, არ ითვალისწინებს საბავშვო ანსამბლების სერტიფიცირებას.
ანსამბლების სერტიფიცირება განხორციელდება ორ წელიწადში ერთხელ.