ENG / RUS       12+

სულხან ღლონტი: თანამედროვე ქართული ელიტა მხდალი და უიდეოა

რესპოდენტის შესახებ

ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი სულხან ღლონტი მიიჩნევს, ივანიშვილი-ალასანიას ტანდემით, ძალადობას უპირისპირდება, ძალიან ეფექტური და გავლენიანი ლიდერები, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ. მისივე თქმით, გააჩდა იმედი, რომ შესაძლებელია იმ პოლიტიკური გუნდის შეცვლა, რომელმაც ქვეყნის მართვა ძალადობით გადაწყვიტა.

რა „ოცნების" ახდენას უკავშირებს პოლიტიკაში ბიძინა ივიანიშვილის გამოჩენას და რამდენად ემოციური და პრაგმატულია ახალგაზრდების სამომავლო გეგმები, ამ თემაზე "ჯი-ეიჩ-ენი" „თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერს სულხან ღლონტს ესაუბრა.

- სულხან, როგორ ფიქრობ რა შეიცვლება ქართულ რეალობაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ და რამდენად პოპულარულია ტანდემი ივანიშვილი-ალასანია ახალგაზრდებში?

- ეს არის უდავოდ ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეტაპი, რომელმაც გააჩინა იმედი, რომ შესაძლებელია იმ პოლიტიკური გუნდის შეცვლა, რომელმაც ქვეყნის მართვა ძალადობით გადაწყვიტა. ახლა კი ამ ძალადობას უპირისპირდება, ძალიან ეფექტური და გავლენიანი ლიდერები, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ. ახალგაზრდებში პოპულარულია დღეს ეს თემა, უმაღლეს სასწავლებლებში ყველა ამაზე ლაპარაკობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები მზად არიან პროცესებში ჩაერთონ.

- დღემდე ახალგაზრდობა ძალიან პასიური იყო, პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციურ ფლანგზე ფაქტობრივად არ მონაწილეობდა?

- ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას მართავს პროპაგანდით. ძალიან რთულია ადამიანმა გაარკვიოს სად არის სიმართლე. ეს არის ძალადობა მოქალაქეების აზროვნებაზე. ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას მიიღონ ინფორმაცია და დამოუკიდებლად მოახდინონ მისი ანალიზი. ამას ემატება თვითმართველობების ტოტალური კონტროლი უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულად არ არსებობს პროცესი, რომელიც ხელისუფლების კონტროლის გარეშე ხორციელდება. ისინი მიზანმიმართულად ნერგავდნენ ახალგაზრდებში განწყობას, რომ ოპოზიცია არის უპერსპექტივო, ხოლო მათთან კონტაქტი სარისკო. აპატიმრებდნენ ახალგაზრდა ლიდერებს და უხვად აჯილდოვებდნენ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ნაწილს. ამით ახალ თაობას უკარგავდნენ ინტერესს პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ძალადობაზე აშენებული სახელმწიფო „წესრიგი"მყიფეა. ავტორიტარები შიშს წლების განმავლობაში ნერგავენ, მაგრამ ყველა ერის ცხოვრებაში დგება დღე, როცა ხალხი აცნობიერებს შექმნილ რეალობას და წლების განმავლობაში ნაშენები სისტემა, ერთ დღეში ინგრევა, ასე მოხდება ჩვენთანაც.

- ფიქრობ, რომ ახალგაზრდები და ზოგადად საზოგადოება პროპაგანდის გავლენას განიცდის?

- ძალიან რთულია იპოვო მსოფლიოში ხალხი, რომელსაც უფრო ძლიერი სოციალური ინჟინერია ქონდეს, როგორც მაგალითად გერმანელებს, მაგრამ ნაცისტური პროპაგანდის შედეგები ყველამ ვიცით არც თუ ისე შორეული ისტორიიდან. ეს არ არის ზუსტი ანალოგია, თუმცა იგივე შეუძლებელია დღევანდელ საქართველოში ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ერთი ცხადია, ხელისუფლება „ნაციონალური" „ელიტის" საშუალებით, ბევრს რამეს ნერგავს ისეთს რაც ჰუმანიზმის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის და რაღაც „წარმატებები" ამ კუთხით აქვს. მაგრამ უკვე ამისი გაცნობიერება ხდება მოქალაქეების მიერ. ბოლო პროცესებმა გააჩინა იმედი და მოტივაცია ახალგაზრდებში, ახლა ამ ყველაფრის ორგანიზებულ ძალად ქცევაა საჭირო და სრულიად განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ არჩევნებზე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა თქვენი და ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობა და რატომ არ აქვს ბიძინა ივანიშვილს კითხვები ირაკლი ალასანიასთან?

- პოლიტიკოსები ხშირად მიდიან კომპრომისზე, მაგრამ არის პრინციპები, რომლებსაც არასოდეს არ უნდა გადახედო, ასეთი პრინციპი ჩვენთვის არის ის, რომ არასოდეს არ მოატყუო და მიატოვო ხალხი ბრძოლის დროს. ირაკლი ალასანიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენი გზა არის არჩევნების გზა და ამ გზაზე ვაპირებთ უკომპრომისო ბრძოლას, რომ საზოგადოება იქნებოდა უზრუნველყოფილი რეალური ინფორმაციით. მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებამ სრულიად დამამცირებელი და ცინიკური დოკუმენტი შემოგვთავაზა, მილიონლარიანი „პესპექტივით". მასზე ხელმოწერა სერიოზულად არც განხიხულა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურ საბჭოზე. ჩვენ ვთქვით უარი დოკუმენტზე და საზოგადოებას ვუთხარით, რომ ეს იყო არა დოკუმენტი და რეალური ცვლილება, არამედ ცინიზმი და ბრძოლა გავაგრძელეთ. მსგავსი ნაბიჯები, ბუნებრივია, იმსახურებს პატივისცემას საზოგადოების მხრიდან და აჩენს განცდას, რომ ხარ პოლიტიკური ძალა, რომლის იმედად ყოფნა შეიძლება. ეს იმიჯი იყო ალბათ მთავარი განმსაზღვრელი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომ ვიყოთ პარტნიორები. ჩვენ ყველანი ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და დასკვნებსაც არსებული რეალობის გათვალისწინებით ვაკეთებთ. რეალობა კი ასეთია - ერთი მხრივ არის ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი უიდეო ელიტა, რამდენიმე „ოპოზიციური" პარტიის ჩათვლით და მეორე მხრივ - ამ ფარსთან პრინციპულ წინააღმდეგობაში მყოფი საზოგადოება. თუ შინაგანი წესრიგი და მორალური იდეა გაქვს არჩევანი ადვილი გასაკეთებელია. დღეს დადგა დრო, როცა საზოგადოების თვითოეული წევრი ვალდებულია ჰქონდეს პოზიცია, რადგან ბრძოლა მიდის არა ხელისუფლებისათვის, არამედ ღირებულებათა სისტემის დასამკვიდრებლად. ახალი თაობისათვის ეს ბრძლა ხელისუფლების შეცვლით არ მთავრდება, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფასეულობათა დეკლარირება და ერთად შევჯერდეთ ჩვენი სახელმწიფოს შინაარსზე, ანუ პრინციპულად დავდგეთ ჰუმანიზმისა და დემოკრატიის დასაცავად. აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს ის რაც დღეს ხდება. ასეთ დროს არ გქონდეს პოზიცია. მიმაჩნია, რომ რომ არის სამოქალაქო უპასუხისმგებლობის საკითხი.

- ახსენე რომ ხელისუფლებამ შექმნა უიდეო ელიტა, რას გულისხმობ?

- ხელისუფლებამ მოკლე გზით სიარული გადაწყვიტა და სხვაგვარად მოაზროვნეები ჩარეცხა, ანუ მარტივად „გააუქმა" განსხვავებულობა. ამის შემდეგ დაიწყო ახალი ელიტის ჩამოყალიბება და ამით გაგვცა პასუხი, როგორი საქართველო უნდათ მათ- უშინაარსო, უზნეო და რაც მთავარია მშიშარა. განსხვავებით ევროპული ელიტებისგან, რომელთა მახასიათებელია ღირებულებათა სისტემის დაცვა, თანამედროვე ქართული ელიტა არის უკიდურესად მხდალი, უიდეო და ლოიალური ხელისუფლების მიმართ. დროდადრო ძალიან დაუნდობლად იქნევენ იმის ხმალს, ვის პურსაც ჭამენ, აი ეს არის მათი ფუნქცია.

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოში ახალგაზდებს აქვთ პერსპექტივა, როგორია შენი თაობის განწყობა?

- პერსპექტივას აჩენს არა განცხადებები, არამედ ნაბიჯები. უნივერსიტეტებში 10 გამოკითხულიდან 7 მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში, უკეთესად დაგეგმავს მომავალს და მეტი პერსპექტივა ექნება. ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენ ან ვეგუებით ამ რეჟიმს, ან ვაკეთებთ არჩევანს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ბედნირების სასარგებლოდ. ჩვენი არჩევანი ნათელია, ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად შეაჩერებს საქართველოში დეჰუმანიზაციას და მოიტანს დემოკრატიას, ანუ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და მის ქეთილდღეობას.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი

 

 

ავტორი: . .