საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საფორტეპიანო ტრიოს - "Trio per Te" - მუსიკალური ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნოკოლოზ რურუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მუსიკოსები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"ეს ტრიო ძალიან საინტერესო მუსიკოსებისგან შედგება და მინდა მათ მივულოცო საზოგადოების მხრიდან თბილი მიღება. მათი ეს ვიდეორგოლი აუცილებლად გაუთქვამს სახელს, იქამდე სანამ ისინი კონცერტებით მოივლიან ჩვენ ქყვენასა და მერე დანარჩენ სხვა ქვეყნებს. ძალიან მიხარია, რომ ასე მოკლე დროში მოხდა ეს საუკეთესო პროგრამა და ტრიო ჩამოყალიბებულიყო. მათ ძალიან ბევრი საინტერესო ნაწარმოები აქვთ, რამაც გამოიწვია ამ ტრიოს ჩამოყალიბება", - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
"Trio per Te" 2011 წელს დაფუძნდა. ტრიოს შემადგენლობაში არიან შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი - თეა ჭკუასელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე და ამავე ორკესტრის, ვიოლონჩელოების ჯგუფის კონცერტმაისტერი გიორგი ჯორჯაძე.
"ერთმანეთთან უკვე მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. მე და ლელა დაახლოებით 10 წელია ერთად ვუკრავდით, ტრიოდ ზაფხულში ჩამოვყალიბდით. "თიბისი გალერეაში" კონცერტი გვქონდა. იმის მერე წამოვიდა იდეა, რომ ერთად დაგვეკრა და ასე ჩამოვყალიბდით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ტრიოს წევრმა გიორგი ჯორჯაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსები ამ შემადგენლობით პირველად წარდგნენ მსმენელთა ვიწრო წრის წინაშე თბილისში 2011 წლის 14 ივლისს. წარმატებამ განაპირობა მათი საფორტეპიანო ტრიოდ ჩამოყალიბება, რომელსაც მოგვიანებით "Trio per Te" ეწოდა.
მუსიკალური ვიდეოკლიპი გადაღებულია "ჰორიზონ ტვ სტუდიის", რეჟისორ დავით გერსამიას მიერ. კლიპს საფუძვლად დაედო ნუკრი აბაშიძის სპეციალურად ამ კოლექტივისთვის დაწერილი მინიატურა "High Talk" .