21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ახლად შექმნილი საფორტეპიანო ტრიოს - "Trio per Te" - მუსიკალური ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნოკოლოზ რურუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მუსიკოსები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მუსიკალური ვიდეოკლიპი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სტუდია "ჰორიზონ ტვ-ის" მიერ მომზადდა.
"Trio per Te" 2011 წელს დაფუძნდა. ტრიოს შემადგენლობაში არიან: შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი - თეა ჭკუასელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე და ამავე ორკესტრის, ვიოლონჩელოების ჯგუფის კონცერტმაისტერი გიორგი ჯორჯაძე. მუსიკოსები ამ შემადგენლობით, პირველად წარდგნენ მსმენელთა ვიწრო წრის წინაშე თბილისში 2011 წლის 14 ივლისს. წარმატებამ განაპირობა მათი საფორტეპიანო ტრიოდ ჩამოყალიბება, რომელსაც მოგვიანებით "Trio per Te" ეწოდა.
მუსიკალური ვიდეოკლიპი გადაღებულია "ჰორიზონ ტვ სტუდიის", რეჟისორ დავით გერსამიას მიერ. კლიპს საფუძვლად დაედო ნუკრი აბაშიძის სპეციალურად ამ კოლექტივისთვის დაწერილი მინიატურა "High Talk" .