დღეს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, იტალიური ენის მეთერთმეტე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ხათუნა ცხადაძის საჯარო ლექცია უგო რიკარელის რომანზე "იდეალური ტკივილი".
21 ოქტომბერს 17:00 საათზე კი ქ. ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მოეწყობა გამოფენა "იტალია საქართველოში: ათასწლოვანი დიალოგი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასამდე ექსპონატი: ფარსმან მეფის (ჩვ.წ.აღ-ით II საუკუნე) რომში სტუმრობის ამსახველი სურათები, მოგზაურებისა და მისიონერების ჩანახატები, თბილისში იტალიელი არქიტექტორების პროექტები, სასცენო ესკიზები და კოსტუმები, ფედერიკო ფელინის და სხვათა წერილები და ხელნაწერები.
იტალიური ენის მეთერთმეტე მსოფლიო კვირეული 17-იდან 21 ოქტომბრამდე ტარდება. წლევანდელი კვირეული "დაბადების დღეს გილოცავთ, იტალია!", რომელიც იტალიის გაერთიანების 150 წლისთავს ეძღვნება, ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს, ქ. ქუთაისის მერიას, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და ქ. ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეასთან თანამშრომლობით.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.