ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ფულის გათეთრება ბიძინა ივანიშვილის ფულს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება). საქმეს იძიებს ძველი თბილიის რაიონული სამმართველო.
განცხადება გაავრცელა ივანიშვილის პრესსამდივნომაც.
"საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ "ქართუზე", რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის. სს "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისიდან გამოსული ბანკ "ქართუს" ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეცდანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები. იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს "ქართუს" 6 თანამშრომელი, წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკი " ქართუს" საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა. ხელისუფლების წარმომდგენელთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობრივ აქტს.მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და "ქართუს" მიტაცებული ქონების დაბრუნებას. აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს, მივმართავთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის. დაკავებული არიან "ქართუს" თანამშრომლები: მოლარეები - ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი. ინკასატორები - არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.