თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის სარჩელზე წარმოება შეწყვიტა. საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის წინააღმდეგ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის სარჩელში დავის საგანი ვერ დაინახა და ამ მიზეზით საქმის წარმოება შეწყვიტა.
საქმე ეხება 27 სექტემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში დეპუტატის ~ცუდ მაგალითზე~ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრის ახლობლებისათვის, ფულის გამოძალვის მიზნით გარკვეული დაპირებების მიცემა ცუდი საქციელია.
სწორედ ამ განცხადების გამო, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით ლორთქიფანიძემ ბაქრაძეს საქალაქო სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მისგან სიმბოლური თანხა - 1 ლარი მოითხოვა.
როგორ ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ როგორი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია სასამართლო.
სასამართლომ კი მიიჩნია, რომ დავით ბაქრაძის განცხადება ზოგადი ხასიათისაა, გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, რითაც დიმიტრი ლორთქიფანიძის სამოქალაქო კოდექსით დაცული პატივი და ღირსება არ შელახულა.
ლორთქიფანიძე დავით ბაქრაძის წინააღმდეგ ბრძოლას ზემდგომ ინსტანციაში - სააპელაციო სასამართლოში განაგრძობს.