როგორც სტატიის ავტორი ვლადიმერ სოკორი წერს, ბიძინა ივანიშვილის $5.5 მილიარდიანი ქონება დაახლოებით საქართველოს საბიუჯეტო ხარჯების ტოლია.
"ბიძინა ივანიშვილის სპიკერი ადასტურებს „ფორბსის" მონაცემებს მისი ქონების შესახებ. $5.5 მილიარდი - ეს დაახლოებით საქართველოს საბიუჯეტო ხარჯების ტოლია. ეს თანხა აგრეთვე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მაჩვენებლის, $11.7 მილიარდის ნახევარს შეადგენს, მაგრამ ამ მაჩვენებლის ფორმირების პროცესში რამდენადმე მნიშვნელოვანი წვლილი არ შეაქვს. ივანიშვილი არ მონაწილეობს საქართველოს ბიზნესის განვითარებაში, ის მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწვა. მისი სპიკერის განცხადების თანახმად, ივანიშვილის ქონების ერთი-მესამედი რუსეთში რჩება, ხოლო დანარჩენი სხვა, ისეთ ადგილებშია რეგისტრირებული, რომლებიც არ დასახელებულა - უმეტესობა „იუნიკორის", აქტივების მართვის კომპანიის ხელმძღვანელობით. ეს ყველაფერი მოიცავს ინტერესს საბანკო სფეროში, უძრავი ქონებისა და საცალო ვაჭრობის ბიზნესებში (Bloomberg, 11 ოქტომბერი)", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სოკორი წერს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულებანი ამ ეტაპზე იდუმალებით არის მოცული, შესაძლოა თავად მისთვისვე.
"მის ნაცვლად, რომ ქვეყნის საკუთარი ხედვა გამოეთქვა, მისი პირველი საჯარო განცხადებები უფრო მოკლევადიან პოლიტიკურ ტაქტიკას წარმოაჩენს - შეზღუდულობა, რომელიც ოპოზიციური ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას ახასიათებს. ამ და კიდევ რამდენიმე სხვა თვალსაზრისით, ივანიშვილი ადგილობრივი ოპოზიციური გარემოს პროდუქტია, თუმცა თავად პროფესიონალი პოლიტიკოსი არ არის. მოცემულ მომენტში ივანიშვილს არ გააჩნია საკუთარი ორგანიზაცია, არ ჰყავს ექსპერტი მრჩევლები და პოლიტიკური მოკავშირეები. მაგრამ, როგორც ჩანს, ის დარმწუნებულია იმაში, რომ ფულით ამას ყველაფერს იყიდის და ახლა აქტიურად იყვანს ხალხს მის გულუხვ კართან მომლოდინეთა მზარდი რიგიდან", - აღნიშნულია სტატიაში.
მისი ავტორი იხსენებს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში მაგნატი, თავის სიმდიდრეზე დაყრდნობით, ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს. სოკორის ინფორმაციით, პირველი ასეთი მცდელობა 2007 წელს გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა. პატარკაციშვილმაც ქონება რუსეთში შეიძინა და საქართველოში ქველმოქმედებას აფინანსებდა. მისი ქონება, როდესაც ის საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა, $2.5 მილიარდს შეადგენდა. პატარკაციშვილმა სახელმწიფო ხელში ვერ ჩაიგდო; მაგრამ მისმა მცდელობამ საქართველოში არეულობა გამოიწვია, რასაც საერთაშორისო გამოძახილი მოჰყვა.
"გარდაცვილილი მაგნატი და დღევანდელი, ალბათ, განსხვავდებიან თავის მოტივაციებითა და სტილით (დემონსტრატიულობა კარჩაკეტილობის წინააღმდეგ). მაგრამ საბოლოო სურათი იგივეა. ქვეყნის უმდიდრესი კაცი, რომლის პერსონალური რესურსები თითქმის სახელმწიფო რესურსების ტოლია, ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს. არჩევნების წინ ის აფუძნებს თავის პოლიტიკურ მოძრაობას, თავის ახალ მოძრაობაში შეჰყავს არსებული ოპოზიციური ჯგუფები, ქმნის მედია კომპანიას საკუთარი გეგმის პროპაგანდირებისთვის, ტაქტიკურად აამებს ტრადიციონალისტურად განწყობილ ეკლესიას ქვეყნის მოდერნიზატორი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და თავის პირად მოკავშირეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ანკესს უგდებს. ამ თვალსაზრისით, (აქამდე) ივანიშვილის მცდელობა, მოიპოვოს პოლიტიკური ძალაუფლება, პატარკაციშვილის მცდელობას წააგავს , თუმცა განსხვავდება გარემოებებისა და მისი პირადი თვისებების გამო", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, ეს ყველაფერი თავად სახელმწიფოებრიობას უქმნის პრობლემებს.
"ერთი პიროვნება თავის პირად ქონებას პოლიტიკურ პროცესში ჩართვისთვის და ძალაუფლებაში მოსვლისთვის იყენებს. შესაბამისად ის ინსტიტუციური სახელმწიფოს კონკურენტი ხდება. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ქართულია, სადაც სახელმწიფო კონცეპტის განვითარებამ დაიგვიანა, ბევრმა, მათ შორის ივანიშვილმაც, შეიძლება ვერ გააცნობიეროს ის შედეგები, რასაც ძალაუფლების მისეულ ძიებას შეიძლება მოჰყვეს. წარმატების შემთხვევაში ეს შეიძლება ქვეყნის ბითუმად შესყიდვას გაუტოლდეს. ივანიშვილს ჩვეულებრივ ოლიგარქად მოიხსენიებენ. მაგრამ ეს არ არის სწორი. ოლიგარქია, განმარტების მიხედვით, ისეთი ჯგუფური ფენომენია, რომელიც გულისხმობს საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების განხორციელების პროცესში თანაბარი კონკურენტების მონაწილეობას. მაგრამ ივანიშვილი მარტო მოქმედებს, მისი ქონება ბევრად აღემატება სხვა ქართველი ბიზნესებისას და სახელმწიფოში მას არავითარ პოლიტიკური გავლენა არა აქვს. ახლა კი მან თავი , უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის როლში წარმოიდგინა (პატარკაციშვილის მოხსენიებაც ოლიგარქად არასწორი იყო იმავე მიზეზებით)", - აღნიშნულია სტატიაში.
სოკორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ბიზნესსა და პოლიტიკაში ოლიგარქია არა აქვს, რადგან სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ამ სფეროების შერწყმა. მისი აზრით, სახელმწიფოს თავისთავად, არ ემუქრება ოლიგარქიის საფრთხე, ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებმა გამოსცადეს.
"პოტენციურ საფრთხეს 2011-12 წლებში (ისევე როგორც 2007 წელს) ის ქმნის, რომ სახელმწიფოს იყიდის ერთი პიროვნება, რომლის რესურსებსაც ტოლი არ ჰყავს და პარალელურად, ძალაუფლების შეცვლის პროცესში მხარდასაჭერად, ის სოციალურ კლიენტურასაც იყიდის. თუ ეს ასე მოხდება, ის კლიენტურა 2012-2013 წლების არჩევნებში და შემდგომ წლებშიც ნაღდ ფულს დაელოდება და მოსალოდნელი იქნებოდა, რომ ივანიშვილი პერსონალური პატერნალიზმიდან სახელმწიფო პატერნალიზმზე გადავიდოდა. ამ შემთხვევაში ივანიშვილის კანდიდატურას მთავარ სახელმწიფო თანამდებობაზე შეუძლია ძალიან დაძაბოს საქართველოს ეკონომიკა და მისი პოლიტიკური სისტემა", - ნათქვამია სტატიაში.