იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ადვოკატის დავით ბოჭორიშვილის ძალისხმევით, არტაშ ხ., რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ედებოდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
საქმის მასალის მიხედვით, ახალქალაქის მკვიდრს არტაშ ხ.-ს სერგეი ე.-სთან მოუვიდა კონფლიქტი, რაც მათ შორის შელაპარაკებასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატა. კონფლიქტის მიზეზი წინა დღით არტაშ ხ.-სა და სერგეი ე.-ს ძმას შორის მომხდარი ჩხუბი გახდა. სერგეი ე.-მ მის ჯიხურთან მყოფ არტაშ ხ.-ს შენიშვნა მისცა, რის პასუხადაც არტაშ ხ. გადმოვიდა ავტომანქანიდან და სერგეი ე.-ს ცემა დაუწყო. შედეგად სერგეი ე.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.
"ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მოწმეები, რომელებიც ინცინდენტს არ შესწრებიან, მაგრამ მომხდარს სერგეი ე.-ს მონათხრობის საფუძველზე ჰყვებოდნენ. თავად დაზარალებულმა კი დაკითხვისას ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ამ ფონზე საზოგადოებრივი ადვოკატის დავით ბოჭორიშვილის პოზიცია გაცილებით დამაჯერებელად გამოიყურებოდა. ადვოკატმა მოწმის სახით ბრალდებული დაკითხა. მან მომხდარის განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. არტაშ ხ.-ს თქმით, დაზარალებულმა სხეულის დაზიანება მიიღო სწორედ მაშინ, როდესაც ბრალდებულის ავტომანქანის კარის გაღებას ცდილობდა. ამასვე მომხდარის თვითმხილველი ნანა მ.-ც ადასტურებდა. საზოგადოებრივი ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას მოითხოვდა, რასაც დაზარალებულისა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებების არასანდოობით ასაბუთებდა. საბოლოოდ, სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა და არტაშ ხ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა", - აცნობეს "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან.
იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიურო 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ბიურო უფასო საადოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მოსახლეობას უწევს.