კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული ე.წ. საგაზო საქმის შესახებ განაჩენის კითხვას 11 ოქტომბერს დაიწყებს. ეს განცხადება მოსამართლე როდიონ კირიევმა 30 სექტემბერს გააკეთა. მანამდე მან განსასჯელს იულია ტიმოშენკოს ბოლო სიტყვის თქმის უფლება მისცა.
ტიმოშენკომ ბოლო სიტყვის მომზადებისთვის ვადა მოითხოვა.
"დრო მჭირდება, რომ მოვემზადო",_ განაცხადა ტიმოშენკომ სასამართლოს სხდომაზე. მოსამართლემ განუმარტა, რომ ბოლო სიტყვის თქმა უფლებაა და არა სავალდებულო მოვალეობა. ამის შემდეგ მოსამართლემ კიდევ ერთხელ შესთავაზა ტიმოშენკოს სიტყვის წარმოთქმა, რაზედაც უარი მიიღო. მას შემდეგ, რაც მოსამართლის მორიგ შეთავაზებაზე ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა უარი, მოსამართლემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სასამართლო განაჩენის გამოსატანად გადის.
ტიმოშენკო მოსკოვთან 2009 წელს გაზის კონტრაქტების გაფორმებისას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედება ბრალად. ბრალდება მისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. რამდენიმე ხნის წინ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ შეწყალების თხოვნას არ აპირებს, ის ინიციატივა პრეზიდენტს იანუკოვიჩისგანაც რომ მოდიოდეს.
"არავითარ შემთხვევაში, არასოდეს არავითარ შეწყალებას არ მოვითხოვ",_ განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.