"კავკასიელი ხელმძღვანელების გათვლები აუცილებლად განიცდის ცვლილებებს პუტინის განცხადებასთან დაავშირებით. სომხეთში ამბავმა მისი დაბრუნების შესახებ ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი გაახარა, რომელიც ამ დრომდე ჩრდილში იმყოფებოდა. ამ ორ ადამიანს შორის აშკარა მსგავსებაა: ორივე მათგანი 2008 წელს წავიდა პრეზიდენტის თანამდებობიდან ორწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ და ხელისუფლება ორივე მათგანმა საიმედო მემკვიდრეებს გადააბარა. ქოჩარიანი, ისევე როგორც პუტინი, მოქმედების ადამიანია, რომელსაც ხისტი და უკომპრომისო ხასიათი აქვს. მან, შესაძლოა, თავისი ყოფილი მოკავშირის დაბრუნება საკუთარი სახელმწიფოებრივი კარიერის აღორძინების შანსად აღიქვას", _ ნათქვამია ვაალის სტატიაში, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, არსებობს არსებითი სხვაობაც - დიმიტრი მედვედევისგან განსხვავებით, სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი (მისი უფლებამოსილება 2013 წლის დასაწყისში სრულდება) თავის წინამორბედს ტოლს არ უდებს. ვაალი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები უკვე ოცდაათი წლის განმავლობაში პარტნიორები არიან. თავიანთი პოლიტიკური კარიერა მათ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში კომკავშირში დაიწყეს, ქალაქ სტეპანაკერტში. სარგსიანი უფროსი პარტნიორი იყო, ქოჩარიანი კი უმცროსი.
მაგრამ, ვალის თქმით, მნიშვნელოვანი არის ის, რომ პუტინი რუსეთში მართლაც პოპულარულია. "ქვეყანას მართლაც რეალური არჩევნები რომ ჩაეტარებინა და არა კარგად დაგეგმილი რეპეტიციაგავლილი კურთხევა, მას, შესაძლოა, მაშინც კი გაემარჯვა. ქოჩარიანი კი, პუტინისგან განსხვავებით, უკიდურესად არაპოპულარულია სომხეთის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში და იგი მძლავრ სახალხო წინააღმდეგობას წააწყდება, თუკი დაბრუნებას შეეცდება.
სერჟ სარგსიანმა ამის შესახებ იცის და, შესაძლოა, მან იმ ოპოზიციურ ძალებთან საიდუმლო შეთანხმებასაც მიაღწიოს, რომლებსაც საპრეზიდენტო სავარძელში მისი ხილვა უფრო სურთ, ვიდრე ქოჩარიანიs", _ წერს ვაალი საუბარს აზერბაიჯანზე აგრძელებს.
"ნაკლებსავარაუდოა, რომ აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა პუტინის დაბრუნების აღსანიშნავად შამპანური გახსნას. მას პუტინთან სრულიად ნორმალური და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. მაგრამ 2006 წელს ურთიერთოებები გაფუჭდა, მაშინ, როდესაც ალიევმა უარი განაცხადა პუტინის გეგმის ხელშეწყობაზე საქართველოსთვის იაფი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მედვედევთან ალიევმა შეძლო და უფრო თანასწორუფლებიანი ურთიერთობები დაამყარა და 2008 წელს მათ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს კი რუსეთ-საქართველოს ომამდე ერთი თვით ადრე მოხდა", _ ნათქვამია სტატიაში, თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ თუკი საუბარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე გაგრძელდება, პუტინისგან უფრო ნაკლები შედეგის მიღებას უნდა ელოდო, ვიდრე მედვედევისგან.
"როგორც ცნობილია ვლადიმერ პუტინი ერთხელ განრისხდა, როდესაც გულწრფელად ცდილობდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შუამავლის როლი შეესრულებინა. ეს 2004 წელს, სექტემბერში, ასტანაში მოხდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ჯერ პუტინი ალოდინეს, შემდეგ კი მისი თანდასწრებით იჩხუბეს. პუტინს არ უყვარს, როდესაც ასე ექცევიან. მედვედევისგან განსხვავებით, რომელსაც ეყო მოთმინება იმისა, რომ ალიევსა და სარგსიანს შორის ცხრა შეხვედრა ჩაეტარებინა".
ამის შემდეგ თომას ვაალი საუბარს საქართველოზე იწყებს და წერს, რომ საქართველოში სიტუაცია "უფრო ბნელია".
"პუტინი და საქარველოს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის მიმართ ზიზღს გრძნობენ. პუტინმა ერთხელ უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ მას სააკაშვილის ერთი ადგილით დაკიდება სურს. უფრო მაღალი მიხეილ სააკაშვილი ხუმრობა კი "ლილიპუტინის" შესახებ მოსკოვამდე მივიდა.
ამ ორმა ქვეყანამ იომა და მომავალ წელს პუტინის დაბრუნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გაუარესებას უქადის. ამავე დროს, საქართველო ამ დრომდე იყენებს თავის ვეტოს უფლებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო რუსეთისგან დათმობის სახით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე ქართველების მონიტორინგის უზრუნველყოფას მოითხოვს. ჩვენ, შესაძლოა, მხოლოდ იმის იმედი გვქონდეს, რომ ეს შეთანხმება პუტინის დაბრუნებამდე იქნება მიღწეული", _ წერს ვაალი სტატიაში და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს დიდი იმედისმომცემი ნამდვილად არ არის. "მაგრამ, - აღნიშნავს ავტორი, - ნებისმიერი პროგნოზი პუტინის დაბრუნებასთან დაკავშირებით არასრული იქნება, იმიტომ, რომ პუტინი პრაგმატიკოსია და მას სხვა, როგორც ჩანს, უფრო სუსტი რუსეთის ხელმძღვანელობა მოუწევს.
"რუსეთში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება 2008 წელს არსებული სიტუაციისგან. ამიტომაც არაა გამორიცხული, პუტინი ისარგებლებს თავისი ხელისუფლებითა და ავტორიტეტით იმისათვის, რომ კავკასიის შარლ დე გოლი გახდეს და თავის პატარა მეზობლებს რუსეთის მხრიდან დიდი სტრატეგიული ზავის პირობა მისცეს. ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებსავარაუდო", _ წერს სტატიის ბოლოს თომას დე ვაალი.