მართვის მოწმობის ტარება საქართველოში სავალდებულო აღარ იქნება. შს სამინისტრომ ყველა ის საჯარიმო სანქცია გააუქმა, რომლის გადახდაც მძღოლს იმ შემთხვევაში ემუქრებოდა თუ მანქანის მართვის დროს მოწმობა თან არ ჰქონდა.
15 ლარიანი საჯარიმო სანქციის გარდა, გაუქმებულია ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის წესიც. ანუ დღემდე მოქმედი კანონით თუ მძღოლს თან არ ჰქონდა მართვის მოწმობა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაჰყავდათ.
ცვლილებები კანონში მართვის მოწმობის ტარების შესახებ უკვე ძალაშია და საქართველო ამ ცვლილებებით ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მძღოლებს შეუძლიათ, რომ თან არ იქონიონ მართვის მოწმობა. იმ შემთხვევაში თუ მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი გააჩერებს, ეკიპაჟის წევრები, თანამედროვე ტექნოლოგიოების საშუალებით, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომობილში იქნება დამონტაჟებული გადაამოწმებენ შს სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არის თუ არა კონკრეტულ პირზე გაცემული მართვის მოწმობა.
როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ეს არის იმ რეფორმების შემადგენელი ნაწილი რომელიც სისტემაში ტარდება.
"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რა თქმა უნდა მთელს მსოფლიოში, სადაც არ იქნება სავალდებულო დღეიდან მართვის მოწმობის ან სხვა რაიმე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება. ეს არის ჩვენი სიახლე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ გამარტივდეს ჩვენს მოქალაქეთათვის ცხოვრება",_ განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.