„მაგრამ ამაზე ფიქრი აუცილებელია. ეს ის რეგიონია, სადაც კოლექტიურმა ევროკავშირმა შეიძლება პოზიტიური როლი ითამაშოს. მეტიც, ვლადიმერ პუტინის ფართოდ გაშუქებულმა დაბრუნებამ რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, ყველას რუსეთის მზარდი ავტორიტარული მოდელის ალტერნატივის შექმნისკენ უნდა უბიძგოს. უმალ განგაშის სიგნალები გაჩნდა რუსეთის მოსაზღვრე ექვსი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკიდან. ესენია: ბელორუსია, მოლდავეთი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის შემდეგ, ისინი იმედგაცრუების ღერძად გადაიქცნენ. ერთი ციდა მოლდავეთი, როგორც ჩანს ამ ქვეყნებიდან ყველაზე ნათელი წერტილია და ყველაზე პროგრესული მთავრობა ჰყავს, მაგრამ იმავდროულად ყველაზე ღარიბია, მისი რეფორმატორული დღის წესრიგი კი დიდწილად ქაღალდზე რჩება. ბელორუსია ყველაზე რეპრესიული ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის ქვეშ იტანჯება და გაკოტრების პირასაა. უკრაინამ, დაკარგა იმ გარდაქმნების შანსი, რისი იმედიც 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციით" გაჩნდა და მუდმივ პოლიტიკურ ბატალიებშია", - წერს ვაალი „ფაინენშელ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას „ფორეინპრესი"ავრცელებს.
სტატიის თანახმად, მეორე რეგიონში, დღევანდელმა ქართულმა ელიტამ რამდენიმე შთამბეჭდავი მოდერნიზატორული რეფორმა განახორციელა, მაგრამ მისი დემოკრატიული მიღწევები გაცილებით არაერთგვაროვანია.
„საქართველო დღეს ერთპარტიული სახელმწიფოა, შეკავების და საპირწონეთა სისტემის უმნიშვნელო გამოვლინებებით. სომხეთი და აზერბაიჯანი ძველებურად პარალიზებულნი არიან მთიანი ყარაბახის სადაო ტერიტორიის გამო მათი მუდმივი და გადაუჭრელი კონფლიქტით. დღეს ვარშავაში ევროკავშირი ამ ექვსი ქვეყნისთვის მისი ღირსეული, მაგრამ მერყევი პროგრამის „აღმოსავლური პარტნიორობის" ამოქმედებას იწყებს. თუკი ზოგადად შესაძლებელია ისეთი პროექტის არსებობა, რომელიც ამ პროცესს გააქტიურებს, მაშინ ასეთი სწორედ ეს პროექტია. ევროკავშირი მანათობელი ვარსკვლავი არაბულ სამყაროზე მეტად აღმოსავლეთ ევროპაშია, იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც თავს ევროპელებად გრძნობენ, მაგრამ იმედგაცრუებულნი არიან არაადეკვატური მთავრობებითა და მუდმივი სიღატაკით", - ნათქვამია სტატიაში.
თომას დე ვაალი პრობლემად რუსეთის იმპერიულ საფრთხეს არ თვლის.
„პრობლემა რუსეთის იმპერიული საფრთხე არ არის. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მწვავე მომენტს, როგორიც აფხაზეთი და ყირიმია, მოსკოვმა დიდი ხანია რაც დატოვა ყოფილი კოლონიური სივრცე და დიდწილად შიდა პრობლემებითაა დაკავებული, ისეთებით, როგორიც მაგალითად არასტაბილური ჩრდილოეთ კავკასიაა. რუსეთს აღელვებს ნატოს გაფართოვება საქართველოსა და უკრაინისკენ, მაგრამ ეს გაუზრებელი პროექტი უკვე ჩაიშალა. ევროკავშირი კი პირიქით, მათგან დასავლეთით არსებული ცხოვრებისეული რელობაა. რუსეთის მხრიდან გამოწვევა, დიდწილად, ეკონომიკური ხასიათისაა: ხელახლა არჩეული პუტინი, როგორც ჩანს უფრო აგრესიულად შეეცდება ტრანსსასაზღვრო კლანური კაპიტალიზმის განვითარებას, მაგალითად, უკრაინასთან სასაზღვრო კავშირის გზით", - აღნიშნავს ვაალი.
სტატიის მიხედვით, ევროკავშირს შეუძლია უფრო ნათელი პერსპექტივის შეთავაზება, თუკი ამას შეეცდება მაინც.
„დღევანდელი სტანდარტული პოლიტიკა გულისხმობს ამ ქვეყნებისთვის წევრობის პერსპექტივაზე უარის თქმას და იმავდროულად მოთხოვნათა შერბილებას ყოველდღიურ საკითხებზე, როგორებიცაა რეფორმებით დავალდებულება და არჩევნების ჩატარება მმართველ ელიტასთან დიალოგის შენარჩუნების მიზნით. სინამდვილეში, პირიქით უნდა იყოს. ევროკავშირის ლიდერებმა საერთო ვალდებულება უნდა აიღონ, რომ თეორიულად და მომავალში ეს ექვსი ქვეყანა საბოლოო ჯამში ევროკავშირს შეუერთდება იმ პირობით (და რა თქმა უნდა, ამ პირობის შესრულების ალბათობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას), თუკი ისინი ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწევენ. ევროკავშირში გაწევრიანებით დაიმედება არანაირ ტაბუს არ უნდა წარმოადგენდეს. თურქეთი ბლოკში გაწევრიანებას 1960-იანი წლებიდან ელოდება, მაგრამ, როგორც ჩანს უფრო იღბალისა და არა დაგეგმვის წყალობით, დიდი ხნის მოლოდინმა ხელი შეუწყო თურქული სახელმწიფოს რეფორმირებას, და მოცემულ მომენტში, როგორც ჩანს გაუსწრო კიდეც მის ევროკავშირულ ამბიციებს. მაგრამ ევროკავშირისთვის დიდი შეცდომა იქნება უკომპრომისო პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა არჩევნები და სავაჭრო შეთანხმებები. როდესაც ცუდ არჩევნებს ცუდ არჩევნებს არქმევ, ეს მკაფიო სიგნალია იმის, რომ ზოგიერთი მთავრობა სხვებზე ლეგიტიმურია. საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე პრივილეგირებულ ხელმისაწვდომობას ზრდის, და ბრიუსელმა ამ საკითხზე ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ყველა ამ ქვეყანას აქვს გაუმჭვირვალე და მონოპოლისტური „კუთხეები" ეკონომიკებში, რასაც მეტი გახსნილობა სჭირდება იმისთვის, რომ ისინი უფრო გამჭვირვალე გახდეს. თუკი მათ ევროკავშირთან დაახლოება უნდათ, მათ უნდა უზრუნველყონ ეს წინაპირობებისა და გამონაკლისების მოთხოვნის გარეშე", - ნათქვამია სტატიაში.
ვაალი წერს, რომ ახალ აღმოსავლურ პოლიტიკაში ყველა სხვა პრინციპზე მაღლა ერთი პრინციპი უნდა იდგეს: „რიგითი მოქალაქეები როგორც წესი უფრო პრო-ევროპელები არიან, ვიდრე მათი ლიდერები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლება სავიზო შეზღუდვების მოხსნისა და სტუდენტების და პროფესიონალების მოგზაურობის გამარტივებისთვის, მომავალში სერიოზული დივიდენდების მომტანია. ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ვალების კრიზისი. უფრო დიდი და უფრო თავისუფალი ევროპის ხედვა ის პროექტია, რომლის მხარდაჭერის შესაძლებლობა გერმანიას და საბერძნეთსაც კი უნდა ჰქონდეს."