რუსმა სამართალდამცავებმა "შერემეტიევოს" აეროპორტში საერთაშორისო 20 წლის განმავლობაში ძებნაში მყოფი, მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში, 41 წლის ჯამბულ ვიბლიანი დააკავეს. ვიბლიანი მკვლელობის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იგი სხვისი გვარის ქვეშ იმალებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისროს სისხლის სამართლის სამძებრის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
უწყება დაკავების თარიღს არ აკონკრეტებს. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატიულმა მუშაკებმა ვიბლიანი აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში დააკავეს. პრესსამსახური ასევე იუწყება, რომ ვიბლიანი მკლავჭიდში მსოფლიოს 12 გზის ჩემპიონია.
"ვიბლიანზე ძებნა თბილისში 1990 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო გამოცხადდა. ეჭვმიტანილმა პირადი უთანხმოების გამო მსხვერპლს ჭრილობა დანით გულმკერდის არეში მიაყენა. ამას გარდა, გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ასევე 1999 წელს მომხდარ მკვლელობასა და ძარცვასთან. დაკავებისას მას რომან ცინდელიანის სახელზე გაცემული რუსეთის მოქალაქის პასპორტი აღმოჩნდა", _ იუწყებიან რუსი სამართალდამცავები და აღნიშნავენ, რომ დაკავების შესახებ უკვე ეცნობა რუსეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივ სამმართველოს და ძებნის ორგანიზატორს - საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.