თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდობის მცდელობაში ბრალდებულს ბორის მღებრიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო იუწყება, ბორის მღებრიშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და საცავში უკანონო შეღწევით, სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობის მცდელობაში ედებოდა ბრალი.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დასრულა 1984 წელს დაბადებული ბორის მღებრიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. საქმის მასალების მიხედვით: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში განთავსებული ზოოლოგიური ექსპონატები, მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დროებით გადატანილი იქნა თსუ მე-11 კორპუსის აუდიტორიებში. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ბორის მღებრიშილისთვის, ვინაიდან იგი თავად მონაწილეობდა ექსპონატების გადატანაში, როგორც მუშა. ბორის მღებრიშვილმა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა ფარულად დაუფლებოდა აღნიშნულ ექსპონატებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 3 თებერვალს, გვიან ღამით, ბრალდებულმა თანამზრახველთა დახმარებით, უკანონოდ შეაღწია უნივერსიტეტის კორპუსში. თსუ-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორებმა დროულად შეამჩნიეს დამნაშავე და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელთა მოსვლამდეც ბორის მღებრიშვილმა სცადა თანამზრახველთა დახმარებით კორპუსის კედელზე დაშვებულ თოკზე აცოცება და ამ გზით შეეცადა მიმალვას, რაც ვერ მოახერხა და შემდგომ სარდაფში დაიმალა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ის სწორედ სარდაფში დააკავეს. დაკავებისას ბ. მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ძლიერ სურდა სპილოს ეშვის ექსპონატის მოპარვა", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, ბორის მღებრიშვილმა ფაქტობრივად აღიარა წარდგენილი ბრალდება და განმარტა, რომ დანაშაული მარტომ ჩაიდინა.
"თუმცა, ბ. მღებრიშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა სრულად დადასტურდა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზრვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.