იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატის მამუკა ზოიძის ძალისხმევით, ბრალდებული ე.მ., რომელსაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლოს მიერ სრულად იქნა გამართლებული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
საქმის მასალების მიხედვით, ე.მ.-ს ბრალი ედებოდა მისი მართვის ქვეშმყოფ ავტომანქანაში მგზავრის მიერ დატოვებული ხელჩანთის ფარულ, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ.
"სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა ე.მ-ის დამნაშავედ ცნობას, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მგზავრების ავტომანქანიდან გადასვლის დროს, ე.მ-ს არაფერი უთქვამს მათთვის საბარგულში დარჩენილი ხელჩანთის შესახებ. ამასთან, ე.მ-ს შესაძლებლობა ჰქონდა სავარაუდო მისამართზე მოეძებნა ხელჩანთის მესაკუთრე ან შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ სათანადო ორგანოებისათვის, ნაცვლად ამისა იგი მართსაწინააღდმეგოდ დაეუფლა სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს. საზოგადოებრივმა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, ე.მ-ს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ქურდობის განზრახვა, ვინაიდან ე.მ-მ მგზავრები მიიყვანა რესტორანში, რაც თავისთავად გამორიცხავდა სავარაუდო მისამართზე ხელჩანთის მესაკუთრის მოძებნას. ამასთან, ე.მ-მ დარჩენილი ხელჩანთის შესახებ მოუყვა სხვა ტაქსის მძღოლებს და სთხოვა მათ, რომ თუ ვინმე მოიკითხავდა მსგავს ხელჩანთას, მისთვის ეცნობებინათ. საბოლოოდ, ე.მ.-ს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩანთა მიეტანა ადგილობრივ ტელევიზიაში და ამ გზით ეპოვნა ნივთის მესაკუთრეები. 10 დღის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ე.მ.-ს მიაკითხეს სახლში, რომლებსაც ამ უკანასკნელმა ხელჩანთა ხელუხლებელი გადასცა. საზოგადოებრივი ადვოკატის აზრით, ე.მ.-ის მიერ ავტომანქანის საბარგულში დატოვებული სხვისი ხელჩანთის შესახებ სათანადო ორგანოებისათვის განცხადების ვალდებულება მას ეკისრებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლით, რომლის შეუსრულებლობაც არ შეიძლებოდა შეფასებულიყო, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობის კომენტარების მიხედვით, ნაპოვარი ნივთი შესაძლებელია შესანახად მპოვნელის მფლობელობაში დარჩეს. საბოლოოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და ე.მ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო რეგიონის მოსახლეობას 2007 წლიდან ემსახურება. ბიურო ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ქედის მკვიდრთ სისხლის სამართლის საქმეებზე - უფასო საადვოკატო მომსახურებას, ხოლო სამართლის სხვა დარგებში უფასო იურიდიულ კონსულტაციებს უწევს.