პარლამენტის ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა მარტვილის რაიონში არსებული ვითარება და მიწის სავარგულების პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო
"მარტვილის რაიონის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოსახლეობის საკარმიდამო მიწებისა და საძოვრების მიტაცებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. რაიონში ინვესტორთა შემოსვლის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მის სახელზე დაწერილი განცხადება გააცნო, სადაც ხუთი სოფლის 477 მოსახლე დახმარებას ითხოვს.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ამ განცხადებას გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნის და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. "თავისუფალი დემოკრატები" იმ მაღალჩინოსანთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც, ცაგარეიშვილის თქმით, ე.წ. ინვესტორებს არიან ამოფარებული და მარტვილელების მიწებს იტაცებენ.
ბრიფინგს მარტვილიდან ჩამოსული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.