"ქართული პარტია" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. პარტია სამინისტროს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
როგორც ქართულ პარტიაში აცხადებენ, "სატელევიზიო ანძის გასხვისების ბურუსით მოსილ ისტორიასთან დაკავშირებით, "ქართულმა პარტიამ" აგვისტოში წერილით მიმართა სამინისტროს და ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა.
"ინფორმაცია სამინისტრომ დაგვიმალა. ამ დროისთვის უკვე ამოწურულია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონით დადგენილი ყველა ვადა. ამის გათვალისწინებით ვამზადებთ სარჩელს, რომელსაც უახლოეს დღეებში შევიტანთ სასამართლოში", - აღნიშნა პატიიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
"ქართული პარტია" სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე მსგავსი შინაარსის სარჩელს ამზადებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს თბილისის ანძის მმართველი კომპანია "გოლდენ კომი" გახდა. შპს "ალფაკომის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი გუშინ გაიმართა, რომელშიც მხოლოდ კომპანია "გოლდენ კომი" მონაწილეობდა.