გიორგი ტუღუში ქუთაისის ციხეში არსებული სიტუაციის გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.
ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე წინასწარი გამოძიება დაიწყოს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს (დაახლოებით 100 პატიმარს), რომელთა უმეტესობა საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, #2 დაწესებულებაში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზოგი დააბრუნეს საკანში, ზოგი კი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. აღნიშნული ფაქტი ოთხმა მსჯავრდებულმა წერილობითაც დაადასტურა.
2011 წლის აგვისტოში სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გეგმური მონიტორინგი ჩაატარა ქუთაისის #2 დაწესებულებაში. პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ თავი იჩინა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლები უხეშად და დამამცირებლად ექცეოდნენ, რაც განსაკუთრებით დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებულ და კარანტინში განთავსებულ პატიმრებს შეეხებოდა. პატიმართა თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების "ბოქსში" გადაჰყავდათ და იქ ფეხშიშველა, საცვლებისამარა ათავსებდნენ 3-იდან 24 საათამდე. ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი "ბოქსში" ჩაყვანის შემდეგ სცემეს, თუმცა აღნიშნული ფაქტების წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.
ქუთაისის #2 დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა დაადასტურა მონახულებული პატიმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით 600 პატიმარმა).
ამასთან, 2011 წლის ზაფხულის განმავლობაში, სახალხო დამცველს არაერთი კოლექტიური განცხადებით მიმართეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა. ისინი საუბრობენ მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე და არასათანადო მოპყრობაზე. ორ ფაქტზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა).
სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული გეგმური მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოუწოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის #2 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაესვა ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით. მიუხედავად აღნიშნული მოწოდებისა, ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ მოპყრობა არანაირად არ გაუმჯობესებულა. ასევე, სახალხო დამცველისთვის უცნობია, გატარდა თუ არა რაიმე სახის ღონისძიება ქუთაისის დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და დამნაშავეთა დასჯის მიზნით.
სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით.