მალაიზიაში დაკავებული ქართველების, ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი ენობრივი ბარიერის გამო რამდენჯერმე გადაიდო. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
"ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალ ინფორმაციას არ ვფლობთ. სასამართლო პროცესის გაჭიანურების მიზეზი ენობრივი ბარიერი გახდა", - განაცხადა ჯალაღანიამ.
შეგახსნებთ, რომ 2010 წლის ოქტომბრის ბოლოს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ეს ბრალდება ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.