კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის ვენახში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მოპოვებული ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ითვალისწინებს. ბინაში ან სხვა მფლობელობაში, ჯგუფურად, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორიდან ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ყვარლის პოლიციის უფროსს თემურ გურაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვენახში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს. ჟურნალისტი სააკაშვილის ვენახში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყოს ჩასული. დაკავების შემდეგ ჟურნალისტს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კამერები წაართვეს და დაახლოებით ერთი საათის მერე გადაღებული ვიდეომასალის გარეშე დაუბრუნეს.
პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები, მათ შორის პარტია „თავისუფალი საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი ერთი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. ამ დროისთვის რამიშვილიც და მოსიაშვილიც თავისუფლები არიან.