საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის გადმოტანის ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე ანვარ აჰმადოვი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა. აჰმადოვმა აზერბაიჯანიდან საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე , პორტალი წითელი ხიდის გავლით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევით გადმოიტანა 1800 ლიტრი დიზელის საწვავი და 72 ათასი ცალი სანთებელა. ბრალდებულს კონტრაბანდული ტვირთი, 90 ცალი ოც ლიტრიანი ბალონი და 72 მუყაოს ყუთი, სატვირთო მანქანის რეფრეჟატორში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში მაცივრის ძრავის ადგილზე ქონდა განთავსებული. რეფრეჟატორის კარი კი კუსტარულად, ალუმინის სამაგრებით ქონდა დაბეჭდილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ფაქტზე დააკავეს, ძიება გამოავლენს სხვა დამნაშავე პირებს და კონტრანაბდული ტვირთის დანიშნულების ადგილს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.