ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული ზაზა დოლიძე გაამართლა. დოლიძეს პროკურატურა 31 ივლისს ქ.ბათუმში, კაფე-ბარ "დელფინის" მიმდებარე ტერიტორიიდან ტანსაცმლის ქურდობას აბრალებდა.
ბრალდებულმა როგორც გამოძიების, ასევე საქმის არსებითი სასამართლო განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლის 30 ივლისს, გვიან ღამით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ტანსაცმელი სანაპიროზე გაიხადა და ზღვაში იბანავა. დილით როდესაც გაეღვიძა, პარკში იწვა სკამზე და ტანსაცმელი არ ეცვა. ამის შემდეგ იქვე ახლოს იპოვა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნახმარი შარვალი და მაისური, რომლებიც უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული და მიიჩნია, რომ გადაგდებული იყო. ვინაიდან პარკში ტანსაცმლის გარეშე გავლა მოერიდა, გამოუვალი სიტუაციის გამო ჩაიცვა ნაპოვნი ტანსაცმელი, რომლებსაც ფარულად არ დაუფლებია, მათი მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და მოთხოვნისთანავე დაუბრუნა მესაკუთრეს, რომელიც იქვე ზღვისპირა პარკში შეხვდა. ბრალდებულის ჩვენება დადასტურდა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.