პატრულის თანამშრომელი კახაბერ ხატიური ზაზა იჩქითმა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრა.
2011 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 01:00 საათზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორები, კახაბერ ხატიური და კახაბერ წოწოლაშვილი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, მოძრაობდნენ საპატრულო ავტომანქანით გორში შინდისის გზატკეცილზე. ამავე გზატკეცილის #20 სახლთან შენიშნეს 1991 წელს დაბადებული თეონა გოლოშვილი, რომელსაც სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. როგორც შს სამინისტრო იუწყება, მასთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ დაზიანება რამოდენიმე წუთის წინ მიაყენა მეუღლემ, 1991 წელს დაბადებულმა ზაზა ჯემალის ძე იჩქითმა, რომელიც ცხოვრობდა იქვე მდებარე სახლში.
"ზაზა იჩქითი გამოვიდა სახლიდან, გამოთქვამდა უკმაყოფილებას პატრულ-ინსპექტორების მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად არაერთგზის მითითებისა, მან არ შეწყვიტა უკანონო ქმედება და დანის დარტყმით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა პატრულ-ინსპექტორ კახაბერ ხატიურს, რის შემდეგაც მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. კახაბერ ხატიური გადაყვანილ იქნა ქ. გორის საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება", - იუწყება შს სამინისტრო.
ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ზაზა იჩქითის დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით. დანაშაული ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.