ინტერნეტგვერდ "WikiLeaks"-ი საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის 2008 წლის გაზაფხულზე დაწერილ მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელიც აფხაზეთს ეხება.
ტეფტის თქმით, 2008 წლის გაზაფხულზე აფხაზი პოლიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას კოსოვოს აღიარებისათვის დასავლეთის მხარდაჭერის პასუხად აღიარებდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მაშინდელმა გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ჟან არნომ აცნობა. მისი აზრით, აფხაზების გულისწყრომის ოდნავ გასაქარწყლებლად რუსეთმა ეკონომიკური სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ასევე რუს სამშვიდობოთა რაოდენობა აფხაზეთში გააორმაგა.
ამ მოქმედებებმა თბილისის გააქტიურება გამოიწვია. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის დარეგულირების ახალი გეგმა წარადგინა და აფხაზებს ფართო ავტონომია, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა შესთავაზა. აღნიშნული გეგმა მოსკოვმა უარყო, მოგვიანებით აფხაზეთმაც, თუმცა მოგვიანებით დაიწყეს გადასინჯვა თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ვარიანტებისა.
ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრისას სერგეი შამბამ დასავლეთის მიდგომები გააკრიტიკა და დაიჩივლა იმაზე, რომ ისინი არავითარ ალტერნატივას არ სთავაზობენ მათ.
ჯონ ტეფტი წერს, რომ "შამბამ განაცხადა, რომ თუკი რუსეთი როდესმე შეეცდება ღიად მოახდინოს რეგიონის ანექსია, აფხაზეთი იარაღს მოკიდებს ხელს და მასთან ერთად იბრძოლებენ მისი მოკავშირეები ჩრდილოეთ კავკასიიდან". ამავე დროს, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ შამბას არასოდეს მიუცია თავისი თავისათვის უფლება ღიად და საჯაროდ განეცხადებია მსგავსი რაღაცეები.
დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შორის არსებული მოლაპარაკებების შესახებ. მათი მონათხრობით, ბაღაფში თავდაპირველად წინააღმდეგი იყო ქართულ მხარესთან კონტაქტზე გასულიყო, მაგრამ მერე ამაზე თანხმობა განაცხადა. მისი მთავარი წინასწარი პირობა იყო ქართული სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა კოდორის ხოებიდან. მოგვიანებით იგი იმასაც დასთანხმდა, რომ კოდორის ხეობაში ქართული და აფხაზური პოლიციის ძალები ევროკავშირის ან გაეროს ახალ პოლიციურ მისიით ჩანაცვლებულიყო. ამასთან ერთად მოუწოდებდა ევროპას "აჩქარებულიყო" და რუსეთზე მიანიშნებდა, რომელიც მოქმედებდა სწრაფად, აფხაზეთში თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური დამკვიდრებისათვის".