ENG / RUS       12+

რუსუდან ფეტვიაშვილი: მივხვდი, რომ თავმდაბლობის ფასი არაფერია

რესპოდენტის შესახებ

ფატალისტი არ არის, თუმცა სჯერა, რომ ადამიანს თავისი ბედის მართვა თვითონ შეუძლია. "ჯილდოები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ ვიცი - რასაც აკეთებ მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი ეს ყველაფერი თავისთავად ხდება", - ამბობს მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.


- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ.

- მამაჩემი ამბობდა, რომ მხატვარი უნდა იყოს თავისუფალი, არავის აზრს არ უნდა ითვალისწინებდეს. როდესაც ტილოზე თავის დამოკიდებულებას, ფანტაზიას და გრძნობას მთლიანად გადმოსცემს, მაშინ ის ნამდვილი მხატვარიაო. აქედან გამომდინარე, ჩემს ნამუშევრებში ყველა თემა გახსნილი და თავისუფალია. 6 წლის ასაკში ნათლობა, მერე ანგელოზები, დრაკონები, ქრისტე, ჯვარცმაც დავხატე. ჩემი ნამუშევრები მთლიანად თავისუფალი იყო. დედაჩემი ჩემზე დაწერილ სტატიებს არ მაკითხებდა, იმ მხრიდან არასდროს გამატარებდა, სადაც უზარმაზარი აფიშები იყო გაკრული, მერე სულ მარიგებდა და მიხსნიდა, რომ ეს არის ჯილდო, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო. იმდენი იმუშავა, რომ მოახერხა. შეიძლება, ზედმეტიც მოუვიდა...

- როგორ მიაღწიეთ ასეთ წარმატებას?

- ყველაფერი თავისით მოხდა. მოსკოვში გამოფენა რომ მქონდა, მერე საფრანგეთის ელჩმა პარიზში წაიღო, იქიდან უნგრეთში და ა.შ. ანუ, ეს თავისით, ბუნებრივად აეწყო. მერე, უკვე ეს ყველაფერი იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ მამაჩემა მითხრა, თუ მუშაობა გინდა, ოთახში დაჯექი, გასაღები გადააგდე და იმუშავეო. რამდენიმე წელიწადს მართლა ჩავიკეტე, არც ერთი ინტერვიუ აღარ მიმიცია. ქალაქგარეთ გავდიოდი, რომ არავინ მოსულიყო. ახლაც ასე ვარ: როცა ვმუშაობ, ტელეფონიც არ მაქვს.

- თქვენმა გამოფენამ "ბავშვთა ხელოვნების გალერეა" დანგრევას გადაარჩინა...

- 13 წლის ვიყავი, "ბავშვთა ხელოვნების მუზემში" ჩემი პერსონალური გამოფენა რომ მოეწყო. ეს შენობა გალერეისთვის უნდა წაერთმიათ. იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვთა გალერეისთვის არ შეიძლებოდა შენობის ჩამორთმევა, ჩემი გამოფენა 3 თვეს გაგრძელდა. ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა და "ბავშვთა ხელოვნების გალერეა" იმდენად ყურადღების ცენტრში მოექცა, რომ შენობა შეუნარჩუნდათ. მახსოვს, ამ გამოფენაზე პატრიარქიც მობრძანდა და შთაბეჭდილებების წიგნში თბილი სიტყვები ჩამიწერა, მერე მე და დედაჩემი თავისთან დაგვპატიჟა და ჯვარი მაჩუქა, რომელიც 30 წელზე მეტია, არ მომიხსნია, ასევე დავითნი და ნუსხა-ხუცური სახარება. მას შემდეგ ვიცოდი, თუ გამიჭირდებოდა, არსებობდა ადამიანი, ვისთანაც შემეძლო მისვლა.

- გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი...

- ჩემი ცხოვრების ყველაზე ჩავარდნის პერიოდი სამოქალაქო ომის დრო იყო. მე და ჩემა მეუღლეს კანადაში სამუდამო საცხოვრებელს, გალერეასა და კუნძულს გვაძლევდნენ, მაგრამ არ წავედით, ქვეყანა არ დავტოვეთ. ვიფიქრე, ვისაც შეუძლია, ყველა რომ წავიდეს, ვინღა დარჩება-მეთქი. აზროვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აზროვნებითაც შეიძლება რაღაც შეიცვალოს. დავრჩით, მაგრამ ეს იყო ჩემთვის სრული დეპრესია. იმდენად მძიმე სიტუაცია იყო, რომ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი საქციელი ჩავიდინე და თმები გადავიპარსე. დესტრუქციული ქმედება მინდოდა გამეკეთებინა და პროსტესტის ნიშნად გავაკეთე. ჩემი მეგობრები გაგიჟდნენ. ამ პერიოდში სულ ვმუშაობდი, არც დენი, არც გაზი არც საჭმელი, გვქონდა ისეთი პერიოდი, როცა სახლში ლუკმა-პური არ იყო. ყველაფერი ეს რომ გადავიარეთ, ძალებისგან დაცლილი ვიყავი, ნაბიჯის გადადგმის თავიც რომ არ გაქვს, ისე ვიყავი და შევხვდი პატრიარქს, სადაც მან სახარებაზე მუშაობა შემომთავაზა...

- როგორი იყო საპატრიარქოში გატარებული სამი წელი?

- საპატრიარქოში დილას მივდიოდი, წირვას ვესწრებოდი და გვიანობამდე სახარებაზე ვმუშაობდი. აქ ჩემი სულიერი ძალების აბსოლუტურური აღდგენა მოხდა. სინამდვილეში, მივხვდი რას ნიშნავდა თავმდაბლობა, რომელიც ყოველთვის სიმორცხვეში მერეოდა. იქ მივხვდი, რომ არავისზე უკეთესი არ ვარ და სულ უკანასკნელი, ბედისგან დაჩაგრული ადამიანი ღვთის თვალში ჩემზე მეტია. მივხვდი, რომ თავმდაბლობის ფასი არაფერია. სახარებაზე ყოველდღიურმა მუშაობამ და ეკლესიურმა ცხოვრებამ ამ ყველაფერს მიმახვედრა. იმ 3 წლის განმავლობაში საერთოდ არაფერს ვაკეთებდი და არაფერს ვკითულობდი, გარდა საეკლესიო წიგნებისა და სახარებაზე მუშაობისა.

- ერთ-ერთ სტატიაში ამბობთ, რომ ველოსიპედის ახლიდან გამოგონება გიყვართ. რას გულისხმობთ?

- არსებობს თემები, რომლებიც უკვე აპრობირებულია, მაგრამ როცა ადამიანი თავიდან იწყებს გამოგონებას, ცდილობს აბსოლუტური მაქსიმალიზამდე მიღწევას. ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი ღამე ძილში მიფიქრია, როგორ შეიძლება ზეთის საღებავი ისე გაათხელო, რომ აკვარელის ფაქტურა მიიღო. ამაზე რამდენიმე ღამის განმავლობაში ვფიქრობდი და ბოლოს ვაღწევდი. ანუ, ის მეთოდი კი არის მიღწეული, მაგრამ როდესაც თავიდან იწყებ ამ ყველაფრის მოფიქრებას და გაანალიზებას, იმაზე მეტს აღწევ, რაც უკვე არის. ის ინფორმაცია ისედაც არსებობს, მაგრამ როდესაც ამას ამატებ შენს მოფიქრებულს, ინფორმაცია ივსება და "ველოსიპედი ახლიდან ჩნდება".

- თქვენთვის ყველაზე კარგი თერაპია რა არის?

- ბუნებაში გასვლა. გართობის მოყვარული არ ვარ, ამიტომ სულ ვმუშაობ. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, როდესაც გამოფენებზე მივდივარ, იქაც სამუშაო მიმაქვს, იმიტომ, რომ თავისუფალ დროს არ ვიცი რა გავაკეთო.

-მუსიკა, რომელსაც ხატვის დროს უსმენთ...

- ხატვის პროცესში ყოველთვის ვუსმენ მუსიკას. ადრე კლასიკას, ოპერას ვუსმენდი. მობილიზაციისთვის ყოველთვის მეხმარებოდა ქართული ხალხური სიმღერები. ახლა შემიძლია ფილმი მქონდეს ჩართული და ისე ვიმუშაო. არ ვიცი, თავდაცვა გამომიმუშავდა თუ რა არის. ადრე მუსიკას თავის ტალღაზე გადავყავდი, ახლა კი მუსიკა იმისთვის მინდა, რომ გარემო ხმაური არ მიშლიდეს ხელს. რა მაქვს ჩართული - ეს ჩემზე დიდ გავლენას აღარ ახდენს, რატომ - არ ვიცი, ვერ მივხვდი.

- თუ გაქვთ ხატვის დროს მავნე ჩვევა?

- კი მაქვს... ძალიან მოწესრიგებული უნდა იყოს ყველაფერი, არაფერი დასვრილი არ უნდა მქონდეს. ამიტომ ათასჯერ ვიბან ხელებს. როგორ შეიძლება მუშაობის პროცესში ხელი არ დამესვაროს, ამიტომ მუდამ ეს პრობლემა მაქვს. ყოველ 5 წუთში ვიბან ხელს.

- ბოლოს ვის გამოფენაზე იყავით და როგორ შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ბოლოს გერმანელი მხატვრის გამოფენაზე ვიყავი, რომელიც 80 წლის კაცი იყო. ასეთი 18 წლის ახალგაზრდაც არ მინახავს, იმდენად ცოცხალი ადამიანი იყო, ყველაფერს ამჩნევდა, ყველა წვრილმანს აკვირდებოდა. ნახატები "პოპ არტში" ჰქონდა, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ მას მართლა ძალიან კარგი ნამუშევრები ჰქონდა. გულწრფელი იყო თავის შემოქმედებაში, რამაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

- რა ადგილი უჭირავს თქვენ შემოქმედებაში პოეზიას და რომელი პოეტის შემოქმედება გამხდარა თქვენი მუზა?

- ძალიან მნიშვნელოვანია... გალაკტიონის თითქმის ყველა ლექსი ზეპირად ვიცი, მიყვარს ტიციანი, პაოლო, ტერენტი გრანელი, ესენინი, ბაირონი, იმიტომ რომ ისინი შინაარსიანია, უფრო ღრმაა, იგრძნობა ემოცია, დარდი. გალაკტიონის "ლურჯა ცხენები" ხშირად ჩემი მუზა გამხდარა. სასწაულად რიტმულია, სივრცეს მიქმნის.

- გემოვნების ან რაიმე თვისების გამო თუ შეგირჩევიათ მომხმარებელი და ყოფილა თუ არა თქვენ შორის უთანხმოება?

- ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ყიდულობს ნახატს. მაგალითად, დანიიდან ადამიანი ჩამოვიდა, რომელსაც კედლისთვის უნდოდა ნახატის შეხამება და მთხოვა, გრძელი ნამუშევარი შემექმნა. სპეცალურად არასდროს ვხატავ და შეეძლო იმ ნამუშევრებიდან აერჩია, რაც მქონდა, თუმცა შევამჩნიე, რომ მას ნახატი კი არ აინტერესებდა, არამედ, უბრალოდ, კედლის გაფორმება უნდოდა, არც ერთი ჩემი ნამუშევარი არ მივიყიდე. იმდენად მაქსიმალურად ვიხარჯები, რომ მინდა ეს განწყობა ადამიანზედაც გადავიდეს.

- რა რეაქცია გქონდათ, როცა "ბრწყინვალების ორდენის" მიღება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა?

- წინააღმდეგობაში არასდროს ვვარდები. ვაკეთებ ჩემს საქმეს და ჩემი საქმიდან გამომდინარე თუ ადამიანს მოუნდა დამაჯილდოოს, მივიღებ ჩვეულებრივად. 26 მაისი ძალიან მიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლების დღე, რომლისთვისაც საქართველო საუკუნეებია იბრძვის. ამ დღეს არანაირი ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო, არც ერთი მხრიდან. პოლიტიკაში არასდროს ვერევი. ტელევიზორს ბოლოს როდის ვუყურე, არც მახსოვს. იქიდან იმდენ ცუდ ინფორმაციას გებულობ, რომ ბოლოს გჭამს. ამიტომ ჩემთვის ვზივარ და ვმუშაობ. კარგად მესმის, ამ შემთხვევის მიმართ საზოგადოება უარყოფითად რატომ განეწყო, თანავუგრძნობ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე ჩავთვალე, რომ ეს ჯილდო უნდა მიმეღო.

- ბათუმში კაფე-გალერეა გახსენით. როდის გაჩნდა იდეა და "სეზონური ხასიათის" ხომ არ იქნება ეს გალერეა?

- 4 თვეში გაკეთდა, ჩვენი სახსრები ჩავდეთ და უცებ გავაკეთეთ. მაქსიმალისტური ბუნება გვაქვს და ვეცადეთ, ყველაფერი ხარისხიანი გაკეთებულიყო. გვინდა, სალონური ტიპის საღამოები გავაკეთოთ, კვირაობით წიგნის პრეზენტაციები, პატარა კონცერტი, პოეზიის საღამო გავაკეთოთ. არ გვინდა სეზონური გახდეს, გვინდა შევმინოთ და ზამთარშიც ჰყავდეს დამთვალიერებელი.

- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...

- ჩემი ნამუშევრების გამოფენა შვეიცარიაში დამთავრად და ახლა ბერლინში უნდა გადავიტანოთ. დავამატებ ახალ ნამუშევრებსაც. თბილისში ,ალბათ, ახალი გალერეის გახსნასთან ერთად მოვაწყობ გამოფენასაც, რომელსაც დაახლოებით 8 თვეში ვგეგმავ.

- დაბოლოს, რას ეტყოდით "ჯი-ეიჩ-ენის" მკითხველს?

- არასდროს არაფერი კეთდება ჭიდაობასა და ნგრევაში, იმიტომ, რომ ნგრევას ისევ ნგრევა მოჰყვება, უფსკრულში კი ყველა თევზს იჭერს, გარედანაც და შიგნიდანაც. ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და კეთილგანწყობა აუცილებელია. ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, საფრანგეთში. ისინი ამბობენ, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ თუ აირევა, საქართველო სამუდამოდ არშემდგარი ქვეყანა იქნება. ძალიან მინდა, საქართველო ფეხზე დადგეს, იყოს მყარი ქვეყანა და აქედნ ჩასულს საზღვარგარეთ ყველა მხარს უჭერდეს. მინდა ჩამოყალიბებული კონცეფცია ჰქონდეს მსოფლიოს მიმართ და იყოს წყნარი, მშვიდი, გაწონაწორებული ქვეყანა. ამის მიღწევა ძალიან ძნელია, საუკუნეებია, საქართველო ამისთვის იბრძვის. ძალიან ბევრი შეცდომა მოგვდის ყველას. ბოროტება ბოროტებას შობს, სიძულვილი - სიძულვილს, სიკეთე კი - სიკეთეს. ამიტომ ყველაფრის მიმართ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილნი. მხოლოდ სიმშვიდე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ია კიკაძე

ავტორი: . .