ENG / RUS       12+

ირაკლი სესიაშვილი: ჯონ ბასი სახელისუფლებო პოზიციებს ითვალისწინებს და ალამაზებს სიტუაციას

რესპოდენტის შესახებ

რას ფიქრობს საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, მედიაზე, ნატოში ინტეგრაციაზე... რას ფიქრობს გულახდილად, ყოველგვარი დიპლომატიური თავშეკავების გარეშე. ბასი "Wikileaks"-მა "გაშიფრა". სკანდალური გამოცემა, ამჯერად, საქართველოში არსებული ვითარებისა და პერსპექტივების შესახებ დიპლომატის მიერ მომზადებულ ანალიზს აქვეყნებს, რომელიც ვაშინგტონში გადაიგზავნა.

პოლიტიკური სიტუაცია - არასტაბილური, პრეზიდენტი სააკაშვილი "შეშინებული", ოპოზიცია - ჭრელი, მედია ორად გახლეჩილი და მიკერძოებული, ნატოში ინტეგრაცია კი, დემოკრატიული განვითარების გარეშე უპერსპექტივო, - ასე ფიქრობს ბასი ტელეგრამაში,, რომელიც 2010 წლის 17 თებერვლით თარიღდება...

ამერიკელი დიპლომატის შეფასებებსა და პროგნოზებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა...

- ბატონო ირაკლი, Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დაშიფრული დეპეშის მიხედვით, ჯონ ბასი 2010 წლის თებერვალში მიიჩნევდა, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკაში დაუცველობის შეგრძნება იყო და არასწორ გათვლებსა და პროვოკაციებს ქვეყნის შიგნით მარტივად შეეძლო ახალი კრიზისის პროვოცირება მოეხდინა. ამ გადმოსახედიდან, როცა წელიწადნახევარია გასული, რამდენად სწორად აფასებდა ამერიკელი დიპლომატი საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას?

- პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის 2010 წლის თებერვალში მომზადებული ანალიზი, რომელიც წინა პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხება და შესაბამისად, ის იმ დროსა და სივრცეში უნდა განვიხილოთ. ბასი კარგი ანალიტიკოსი გამოდგა, რადგან სწორად შეაფასა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო (როგორც ახლა) და არსებობდა დაუცველობის შეგრძნება (ისევე როგორც დღეს), რაც თავისთავად ზრდიდა პოლიტიკური კატაკლიზმების რისკებს. სამწუხაროდ, ამის შედეგი ვიხილეთ კიდეც 2011 წლის მაისში და თუკი აქამდე დასავლეთი და მათ შორის ბასი თავის ანგარიშში საუბრობდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ თავშეკავებულად იმოქმედა 2009 წლის საპროტესტო აქციებთან მიმართებაში, რამაც, ერთგვარად, სააკაშვილის რეიტინგი გაზარდა, იგივეს ვერ ვიტყვით 26 მაისის ღამესა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე (26 მაისის ღამეს სააკაშვილმა დაკარგა ის ე.წ. თავშეკავება, იმოქმედა აგრესიულად, მიზანმიმართულად მოახდინა ძალის დემონსტრირება, რაც მოიცავდა მათ შორის ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, შემდგომ დანაშაულების დაფარვას და მის გადაბრალებას და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, რეალურად, ამ ოპერაციის მსხვერპლნი იყვნენ). აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ბასის მორიგი ანალიზი იქნება პოლიტიკურ "სტაბილურობასთან" მიმართებაში უფრო მეტად კრიტიკული.

ზოგადად თუ შევაფასებთ აღნიშნულ ანალიზს, ის საინტერესო და ბევრის მეტყველია. გარდა იმისა, რომ ბასი პოლიტიკური ვითარების შეფასებას აკეთებდა და პოლიტიკურ რისკებზე მიუთითებდა, პროგნოზირებდა, რომ შეიძლებოდა სიტუაციის ჩიხიდან გამოსვლა. თუმცა, უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილმა არსებულ გამოწვწვებს ვერ უპასუხა და გამოცდა ვერ ჩააბარა, პოლიტიკური კრიზისის რისკები კვლავაც მზარდია.

- აღნიშნულ დეპეშაში ამერიკელი დიპლომატი სააკაშვილის შიშებზეც საუბრობს და ადმინისტრაციას წერს, რომ "ის თავის დაცულობაში დარწმუნებული არ არის". "სააკაშვილს აწუხებს შიში, რომ ისტორია მას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დაკარგვისთვის გაკიცხავს", - ასეთია ჯონ ბასის შეფასება...

- ბასის ასეთი პოზიცია თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეჭვის თვალით უყურებდეს და პროგნოზირებდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამას ვერ შესძლებს. მეორე მხრივ, რეალობაა ბასის ვარაუდიც, რომ სააკაშვილს ეშინია ისტორიამ არ გაკიცხოს. ამ რეალობის საწინააღმდეგოდ სააკაშვილი არა ერთ პიარკამპანიას მიმართავს და არა ერთ "პატრიოტულ" ღონისძიებას მართავს იმის წარმოსაჩენად, თითქოსდა ტერიტორიების ოკუპაციაში მას უარყოფითი როლი არ უთამაშია. ჩემი აზრით, ამ ყველაფერის მიუხედავად, ადრე თუ გვიან, ისტორია ადეკვატურად შეაფასებს ამ ხელისუფლების მოღვაწეობას, მათ შორის ტერიტორიების დაკარგვაზე პასუხისმგებელ პირებს... ისტორიას სააკაშვილი მართლაც რომ ვერ გაექცევა...

- "ქართული პოლიტიკა სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით გაცილებით მომწიფებული ხდება და ასახავს მზარდ აღიარებას იმისა, რომ მოკლე (სამხედრო) გზით საქართველოს შემადგენლობაში მათი ინტეგრაცია უბრალოდ არ არსებობს. დასაწყისში ამ ორი რეგიონის სტატუსის საკითხი უნდა იქნეს განხილული", - ამას ამერიკელი დიპლომატი უკვე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივებზე ანალიზისას წერს.... "ამ ორი რეგიონის სტატუსის საკითხი უნდა იქნეს განხილული", - ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების არაღიარებისა და მათი სტატუსის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა შესაძლოა შესუსტეს და შეიცვალოს?

- არა, ეს გამორიცხულია. აქ საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატების აზრით, საქართველოს არ აქვს და სავარაუდოდ, არც მომავალში ექნება უნარი ტერიტორიები ძალისმიერი გზით დაიბრუნოს. ამიტომ ხელისუფლებას რჩება მხოლოდ ერთი ალტერნატივა - პოლიტიკური გზით მოაგვაროს ეს კონფლიქტი. ამისთვის საჭიროა მოიძებნოს ადეკვატური ფორმულა მოლაპარაკებებისთვის და მოიძებნოს ის სავარაუდო სამართლებრივი სტატუსი, რა სახითაც შესაძლებელი იქნება ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა. სხვათაშორის, ბასი სხვამს ერთ შეკითხვას და სვამს ძალიანს სწორად. ის წერს, რომ "მთავარი საკითხი იმაშია, რამდენად აკონტროლებენ საკუთარ ბედს ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ხელისუფლებები, თუ ყველაფრის დირიჟორი რუსეთია?" ანუ, ვისთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება და რა სახის სტატუსზე შეიძლება იქნას საუბარი? ანალიზში ბასი აფხაზეთის დე ფაქტო და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების სავარაუდო განწყობებზეც საუბრობს - რამდენად შეიძლება ისინი წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე და აბსოლუტურად სწორად მიიჩნევს, რომ აფხაზებს უფრო მეტი მოტივაცია და სურვილი აქვთ ისაუბრონ, ვიდრე ოსებს. ჩვენი ხელისუფლება კი მხოლოდ იმაზე აპელირებს, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიერ პოზიციების დათმობის შემთხვევაში. გასაგებია, რომ ეს ერთგვარად საჭირო წინაპირობაა, მაგრამ არავის ეგონოს, რომ რუსების გასვლით დე ფაქტო ხელისუფლებები ლანგრით მოგვართმევენ სოხუმსა და ცხინვალს.

- ამერიკელი დიპლომატი ეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ-სა და ნატოსთვის ავღანეთთან მიმართებაში გაკეთებულ შეთავაზებასაც და მას "რისკის შემცველად" მიიჩნევს. "საქართველომ აშშ-სა და ნატოს ავღანეთისთვის ლოგისტიკური კომპლექსის მიწოდება შესთავაზა, რაც უახლესი ორი წლისთვის სერიოზულ სამხედრო ვალდებულებებს დაემატება. ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ სააკაშვილი, რომ ის რისკავს, დაკარგოს საქართველოს უაღრესად დიდი წვლილით გამოწვეული კეთილგანწყობა, თუ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ვერ გააძლიერებს. აუცილებელია, დავარწმუნით იგი ჩვენს მხარდაჭერაში, რომ მან თავი დაცულად იგრძნოს და შეძლოს იმის კეთება, რაც საჭიროა", - Wikileaks-ის მტკიცებით, ასე წერდა საქართველოში აშშ-ის ელჩი საკუთარი ქვეყნის ადმინისტრაციას. როგორ ფიქრობთ, რატომ განიხილავს ჯონ ბასი აღნიშნულ შეთავაზებას რისკის შემცველად?

- აქ ჩანს, რომ ბასი სააკაშვილის პოზიციებს აფასებს, როგორც არასტაბილურს, სადაც თავად სააკაშვილიც კი თავს დაუცველად გრძნობს, საკუთარ მომავალს არაპროგნოზირებადად მიიჩნევს და ამის გამო დასავლეთის მხრიდან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ავღანეთის მისიაში გადამეტებული წვლილის შეტანას ცდილობს. ამასთან, შეერთებული შტატების ელჩის აზრით, სააკაშვილი არაღირსეული ლიდერია, რომელსაც ქვეყანაში აქვს ძალიან სუსტი დემოკრატია. ამიტომაც წერს ის, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში დემოკრატიას ვერ გააძლიერებს, საერთაშორისო მისიებში მის მიერ შეტანილი გადამეტებული წვლილი სარისკო იქნება იმიტომ, რომ საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ცივილიზებური საერთაშორისო აქტორის იმიჯის მოპოვება ისე, რომ სახლში ანუ ქვეყანაში დიქტატურა გქონდეს, მხოლოდ თავის მოტყუებაა. სწორედ ამიტომ ურჩევს ბასი აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ სააკაშვილს მხარდაჭერა აგრძნობინონ, რომ მან ეს სარისკო ნაბიჯები არ გადადგას. ამაზეა საუბარი... თუმცა, დღეს, 2011 წლის მიწურულს კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი კვლავაც აგრძელებს სარისკო ნაბიჯების გადადგმას დემოკრატიის განვითარების გარეშე. დღესდღეობით ვითარება კიდევ უფრო რთული, დაძაბული და არასტაბილურია, ვიდრე 2010 წლის თებერვალში, რითაც ეს დეპეშა თარიღდება. იმის შემდეგ პრეზიდენტმა გარისკა და ფაქტობრივად გააორმაგა ავღანეთში ჩვენი მისია - არასწორად მოიქცა, ამასთან, ვერ გამოიჩინა თავშეკავება და 26 მაისს დაარბია მიტინგი, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა დემოკრატია.

- ჯონ ბასი ვაშინგტონისთვის გაგზავნილ წერილში იმასაც წერს, რომ "ქართველები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას განიხილავენ, როგორც გადასახადს ნატოში მიღებისთვის", რასაც როგორც ჩანს, თავად დიპლომატი გაუმართლებლად მიიჩნევს, რაც მის შემდგომ პოზიციაში გამოიხატება. ის ადმინისტრაციას ურჩევს: "ქართველებამდე მიიტანოს გზავნილი, რომ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა შესაბამისი წარმატებები საზოგადოების მხრიდანაც". როგორ ფიქრობთ, გადამეტებული ხომ არ არის დიპლომატის ეს მოსაზრება და რამდენად შეიძლება საქართველოს ხელისუფლება ნატოში ინტეგრაციის გზაზე მწვანე შუქის ანთებას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში კონტიგენტის გაზრდით ცდილობდეს?

-ბუნებრივია, როცა საქართველოს ავღანეთში მოცემულ ვითარებასთან მიმართებაში არაადექვატური რაოდენობის კონტიგენტის გაგზავნა სურს, ამისთვის მას სჭირდება არგუმენტი. ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ამას აკეთებს იმიტომ, რომ მის მიერ მომავალში გაყალბებული არჩევნები "გააპრაონ" და მას დემოკრატიული ლიდერი უწოდონ, ამიტომ სააკაშვილი ამბობს, რომ ამას აკეთებს საქართველოს ნატოსთან დასაახლოებლად. ამ ყველაფერს ბასი "ილუზიად" აფასებს და კითხვაც კი უჩნდება, რატომ გონია ამ ხელისუფლებას, რომ ავღანეთში მეტი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნით საქართველო ნატოს წევრი გახდება? ეს ასე არ არისო, - ამბობს აშშ-ის ელჩი, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაც სჭირდება.

ასე რომ, სინამდვილეში ხელისუფლება ავღანეთში გადამეტებულ კონტიგენტს აგზავნის არა იმიტომ, რომ ნატოსთან დაახლოება სურს, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ქულები დააგროვოს სააკაშვილმა დასავლეთის თვალში.

- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანება რეალურად არ სურს?

- ჩვენმა ხელისუფლებამ იცის, რომ ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ავღანეთის მისიაში მონაწილეობით ვერ მოხერხდება. ისიც იცის, რომ ამას დემოკრატიული პროგრესი სჭირდება, მაგრამ დემოკრატიული პროგრესი ხელისუფლებისთვის საფრთხის მატარებელია. საქართველოში ნებისმიერი დემოკრატიული რეფორმა, ეს ნიშნავს სააკაშვილის ძალაუფლების შესუსტებას და რიგ შემთხვევაში, პირდაპირ საფრთხეს შეიცავს, რომ ის პოლიტიკიდან საერთოდ გაქრეს და აღმოჩნდეს ციხეში.

- ანუ, ხელისუფლება შეგნებულად ერიდება დემოკრატიული რეფორმების გატარებას?

- რა თქმა უნდა. დემოკრატია სააკაშვილისთვის არის დენთის კასრზე ჯდომა. იმის თქმა კი, თითქოს ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაზრდით საქართველოს ნატოსთან დაახლოება სურს, თითიდან გამოწოვილი არგუმენტია.

- აშშ-ს ელჩი აღნიშნულ დეპეშაში მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც საუბრობს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალ საარჩევნო კოდექსს, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ დაიწუნა...

- ჯონ ბასს ეს შეფასება გაკეთებული აქვს არჩევნებამდე სამი თვით ადრე. თებერვლიდან მაისამდე კი იყო ძალიან დიდი დრო იყო. ამ პერიოდში ხელისუფლებამ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, მოისყიდა მოსახლეობა (ე.წ. კოორდინატორებზე მაქვს საუბარი, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურებოდნენ და სახელმწიფო დაწესებულებებიდან იღებდნენ ხელფასს) და ამას ემატება ის, რომ პროსახელისუფლებო მედია ორიენტირებული იყო სახელისუფლებო კანდიდატების დიდებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციაზე. ამიტომ მითი იმ "წარმატებების" შესახებ, რასაც ხაზს უსვამს ბასი, რომ საარჩევნო კოდექსში აისახა, არჩევნების დროს დაიმსხვრა და კიდევ უფრო გაქარწყლდა მას შემდეგ, რაც ე.ი "რვიანსა" და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა და შედეგი არ იქნა მიღწეული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ე.წ. ოპოზიციურ ძალას, რომელიც გადაბარგდა სახელისუფლებო ორბიტაზე.

- სხვათაშორის, ქართული ოპოზიციის თემასაც ეხება ჯონ ბასი და მას "ჭრელს" უწოდებს. ამერიკელი დიპლომატი ოპოზიციურ პარტიებს ორ კატეგორიად - "პასუხისმგებლობის მქონე" ძალებად და "შეურიგებლებად" ყოფს. მისი ეს მოსაზრება თითქოს ძალიან სწორი და ლოგიკურია...

- რა თქმა უნდა. ამის შეგრძნება ჩვენ ყველაზე კარგად გვაქვს. დღევანდელი ოპოზიცია მართლაც ჭრელია - ვერ დააჯგუფებ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური თეორიების მიხედვით - მემარჯვენეებად, მემარცხენეებად ან ცენტრისტებად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება ისე ხდება, რომ მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა, არის არათანმიმდევრობა, ერთამენთთან შეუთანხმებლობა, არასტაბილური პოლიტიკური პოზიციები და ასევე განსხვავებული ხედვები ქვეყნის მომავალთან მიმართებაში, მათ შორის ორიენტირები დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ არსებობენ "პასუხისმგებლობის მქონე პარტიები" და "შეურიგებლები" - საკითხის ამ ფორმით ფორმულირება, ცოტა უხეში და არასწორია, იმდენად რამდენადაც, თუ ე.წ. რადიკალიზმზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რადიკალიზმი სწორედ ხელისუფლების მხრიდან წამოვიდა. რადიკალური პოლიტიკა დაამკვიდრა ხელისუფლებამ, როცა თქვა, რომ ის არის ქვეყანაში ყველაფერი, მას უნდა ეპყრას 100 %-იანი ძალაუფლება, მხოლოდ თავად უნდა იყოს ქვეყნის ბედის გადამწყვეტი და სხვა არავინ, რაც რეალურად, დღესაც ასეა. მაშინ როცა არ ხდება პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჭრილში განვითარება, ცხადია, ე.წ. "შეურიგებლები" ანუ რადიკალები წარმოიქმნებიან - რადიკალიზმით რადიკალიზმი იშობა. ასე რომ, კარგი იქნებოდა ბასს ასეთი შეფასების გაკეთებისას ისიც დაესაბუთებინა, რა გახდა "შეურიგებლობის" მიზეზი და რაში გამოიხატება ზოგიერთი პარტიის შემთხვევაში "პასუხიმსგებლობის ქონა".

-ანუ, ფიქრობთ, რომ ბასის შეფასება ცალმხრივია?

- რა თქმა უნდა. მხოლოდ ცალმხრივადაა მოვლენები შეფასებული. ოპოზიციური ძალებისთვის სახელების მინიჭება არ არის საკმარისი. უნდა ითქვას, რომ შეურიგებლობა მოიტანა ხელისუფლების არადემოკრატიულმა მმართველობამ და იმან, რომ თავად ხელისუფლება არის შეურიგებელი საზოგადოების მიმართ. შეიძლება ბასი ამას თავად კარგად აანალიზებს, მაგრამ საჭიროა, ამის უფრო მეტად "გაშლა".

-ბასი ორ ნაწილად ყოფს ქართულ მედიასაც - პროსამთავრობოდ და პროოპოზიციურად. ვერც ამაში მივედავებით. ეს პრობლემაც, რეალურად არის სახეზე...

- ესეც ერთგვარი სინდრომია ქვეყანაში. როცა ხედავ, რომ ძირითადი მედიასაშუალებები ხელისუფლებას უპყრია, მიზანმიმართულად ეწევა მის პროპაგანდას და არის დაკავებული ხელისუფლების ქებით, ცხადია, მოდით, დავარქვათ, "რადიკალიზმი" (იმიტომ, რომ ესეც რადიკალიზმია) შობს სხვა "რადიკალიზმს - დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ცდილობენ საპირისპირო სურათის დახატვას, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არსებობს პროსახელისუფლებო და პროოპოზიციური მედიასაშუალებები. ბასის შეფასებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მას აწუხებს ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი, ობიექტური მედიასაშუალება, რომელსაც შეეძლება, ერთი მხარის კარგის და ცუდის და მეორე მხარის კარგის და ცუდის ერთდროულად დანახვა და ჩვენება. ასევე სწორი შეფასებაა, როცა ის ამბობს, რომ ჟურნალისტებს ცოტას უხდიან. ჟურნალისტები ვერ იქნებიან დამოუკიდებლები მანამ, სანამ მათ ფინანსური მხარდაჭერა არ ექნებათ. ფინანსების არ ქონა თავისთავად ამცირებს დამოუკიდებლობის ხარისხს.

- და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ამერიკელი დიპლომატის ყურადღების ცენტრში მოექცა, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების გადატანას ეხება. ბასი წერს, რომ საქართველო ამის გამო შეშფოთებულია. თუკი ჩვენ დავრთეთ მოსკოვს ამის ნება, მაშინ შეშფოთების მიზეზი რაშია?

- სხვათაშორის, ვაშინგტონისადმი ბასის მიმოწერის ეს ნაწილი ერთგვარ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, რადგან ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს არ აძლევდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას. როგორც ჩანს, თბილისს მსგავსი ნებართვა გაცემულიც აქვს და როგორც ბასი წერს, "რუსეთი სომხეთში სამხედრო ტვირთების გადატანას აგრძელებს". ის, რომ ერევანთან ურთიერთობის დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთს რუსეთი იარაღს აწვდის, შემაშფოთებელია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მტრებსა და მოღალატეებზე, ეს ნაბიჯიც ღალატის ტოლფასია - ჩვენ სამხრეთიდანაც ისეთივე სერიოზული სამხედრო საფრთხეები გვაქვს, როგორც ჩრდილოეთიდან.

-თუმცა, ბასის წერილში საქართველოს ხელისუფლების პოზიციაცაა აღწერილი, რის კონტექსტშიც აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ ამ გადაზიდვების გამო თბილისს გარკვეული შიშები აქვს...

-კი, ეშინია, ნანობს, მაგრამ მაინც აძლევს რუსეთს სომხეთში იარაღის გადატანის უფლებას...რატომ?, - აქაც ორმაგი პოლიტიკაა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ქართულ-სომხურ ურთიერთობებში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და შეიძლება აქ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებსაც ჰქონდეს ადგილი. ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გაგვცეს - თანამშრომლობს თუ არა რუსეთთან და აძლევს თუ არა მოსკოვს სამხედრო ტვირთების სომხეთში ჩვენი საჰაერო სივრცით გადატანის უფლებას? ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება იმის დასტური, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მიზანმიმართულად უწყობს ხელს ჩვენი სამხრეთით არსებული სამხედრო საფრთხეები გაძლიერდეს. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ამაზე ხელისუფლებამ პასუხი უნდა გაგვცეს.

- ბასის ამ წერილის შემდეგ წელიწადნახევარზე მეტია გასული და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ პერიოდში ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. როგორ ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის ელჩის მიერ უკვე ამჟამინდელი პროცესების ანალიზი. უფრო მკაცრი, თუ პირიქით?

- ვფიქრობ, რომ შემდგომი ანალიზი (განსაკუთრებით 26 მაისის ღამეს მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით) იქნება უფრო მკაცრი და მასში ობიექტურად შეფასდება ახალი რეალობა, რომელიც, სამწუხაროდ ასე გამოიყურება: ხელისუფლებამ და სააკაშვილმა ვერ გაუძლეს არსებულ გამოწვევებს, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ქვეყანა კიდევ უფრო არასტაბილური გახდა და რისკებიც ყველა მიმართულებით გაიზარდა. ხელისუფლებამ იმ რისკებს, რაზეც ბასი აღნიშნულ დეპეშაში საუბრობს, კიდევ უფრო მეტი რისკი დაამატა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ელჩის არსებული პერიოდის ანალიზი იქნება გაცილებით მკაცრი და პესიმისტური ჩვენი ქვეყნისთვის.

- დაბოლოს, იმ პროგნოზებისა და შეფასებების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონისთვის მიწერილ ამ წერილში აქვს ჯონ ბასს გაკეთებული, როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოში ამერიკელი დიპლომატის მოღვაწეობა?

- ბასი სწორ ანალიზს აკეთებს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ერთგავარად შიდამოხმარების დოკუმენტი, რომლითაც დიპლომატმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გარკვეული წარმოდგენა უნდა შეუქმნას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ადმინისტრაციას, მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიუდგება ვითარებას თავად ბასი, ანუ ტენდენციას როგორ წარმოაჩენს. ამ შემთხვევაში, მე მიმაჩნია, რომ ის ცდილობს, ერთგვარად პოზიტიური ტენდენციის შეგრძნება შექმნას, რაც მაფიქრებინებს, რომ უფრო სახელისუფლებო პოზიციებს ითვალისწინებს.

- ჯონ ბასს ტენდენციურობაში ადანაშაულებთ?

- არა. უბრალოდ, მის ნაშრომში არ ჩანს, რომ თუკი დემოკრატია არ დასახელდება ნომერ პირველ მიზნად და ამოცანად, არაფერი გამოვა. ამ განცდას ვერ ვხედავ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბასი ერთგვარად ალამაზებს სიტუაციას, როცა წერს, რომ ეკონომიკური პრობლემები გამოსწორდა. ეს ასე არაა და ამას ყველა ვხედავთ. პირიქით, დამძიმებისკენ მივდივართ...


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

 

ავტორი: . .