ENG / RUS       12+

ლინკოლნ მიტჩელი: აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკა სწორია, მაგრამ მისი იზოლირების პოლიტიკა არაკრეატიული, არათანმიმდევრული და კონტრპროდუქტიულია

კავკასიის საკითხებში კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპექტ ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, აფხაზეთში უფრო დემოკრატიული "არჩევნები" ჩატარდა, ვიდრე საქართველოში.

აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონისადმი დასავლეთის პოზიციაზე ამერიკელი ექსპერტი The New York Times-ში დაბეჭდილ ანალიტიკურ მასალაში საუბრობს.

"არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ დასწრებია, არავის გაუფრთხილებია აფხაზი ლიდერები კანონის უზენაესობაზე, არავის მიულოცია დასავლეთიდან გამარჯვებულის ალექსანდრე ანქვაბისთვის, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა აფხაზეთის ორჯერ არჩეული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში.სინამდვილეში, ბევრმა დასავლურმა ორგანიზაციამ, თბილისის მოწოდებით, არჩევნები დაგმო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა", ხოლო ნატომ განაცხადა, რომ ალიანსი „არჩევნებს არ აღიარებს"... თუმცა, ამ გამოყოფილ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაგმობა ზიანს აყენებს დასავლეთის ავტორიტეტს და გავლენას სამხრეთ კავკასიაში მთელი რიგი მიმართულებებით.
ჯერ ერთი, სამხრეთ კავკასიის სტანდარტებით, არჩევნები საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩანდა. ანქვაბმა ხმების 54%-ით, დანარჩენ ორ კანდიდატს - ყოფილ პრემიერ მინისტრს და ერთ დროს მოსკოვის ფავორიტ რაულ ხაჯიმბას და მოქმედ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას გაუსწრო. მართალია, არჩევნები იდეალურისგან შესაძლოა შორს იდგა, თუმცა სამივე კანდიდატი კამპანიის დროს ღიად ცდილობდა ამომრჩევლების მოხიბვლას და სამივეს თანაბრად ეთმობოდა დრო სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ნაციონალურ არჩევნებზე, რომელსაც დასავლეთის მთავრობები დემოკრატიის იმ მოდელად აფასებენ, რომლისკენაც თურმე უნდა მიისწრაფვოდეს აფხაზეთი და სადაც უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დომინირებს. მეორეც, თითქმის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მოსკოვმა წინასწარ განსაზღვრა აფხაზური შედეგები. თუმცა, დასავლეთის ღიად მტრულმა დამოკიდებულებამ ამ არჩევნებისადმი შეუგნებლად განამტკიცა რუსეთის მზარდი გავლენა", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ამერიკელი ექსპერტის შეფასებით, აფხაზეთის დემოკრატიული მისწრაფებების ღიად უარყოფითა და თბილისის უკომპრომისო იზოლაციონიზმის ბრმა მხარდაჭერით, დასავლეთი თავად ამბობს უარს გავლენის იმ ბერკეტების ფლობაზე, რომელთა გამოყენებასაც შეძლებდა ის, რათა ებიძგა აფხაზეთის ხელისუფლებისთვის სტატუსთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისკენ.

"დასავლეთის პოზიცია არ აღიაროს აფხაზეთი სწორია. მაგრამ სოხუმის იზიოლირების პოლიტიკა არაკრეატიული, არათანმიმდევრული და კონტრპროდუქტიულია. დასავლეთი შერჩევით თანამშრომლობს მთელ რიგ არაღიარებულ სახელმწიფოებთან და სადაო ტერიტორიებთან. ის მხარს უჭერს გარკვეულ ეკონომიკურ კავშირებს და პროექტებს მოლდავეთის აჯანყებულ დნესტრისპირეთის რეგიონში, და შეერთებული შტატებისთვისაც და ბრიტანეთისთვისაც მისაღებია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მოქალაქეთა პასპორტები. კავკასიაში უფრო კონსტრუქციული როლის შესრულების სურვილით, ევროკავშირმა შარშან აფხაზეთთან მიმართებაში უფრო პერსპექტიული „არ აღიარებისა და ჩართულობის" სტრატეგია მიიღო, რომლის მიზანიც რეგიონთან კონტაქტების განვითარების ხელშეწყობა იყო. მაგრამ სტრატეგია გაიყინა ევროკავშირის ბიუროკრატიული გადაადგილებების და საქართველოს აგრესიული ლობირების გამო. საბოლოო ჯამში, დასავლეთის პოზიციას არანაირი სწრაფი შედეგები არ მოჰყვება აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, რომელმაც როგორმე უნდა განამტკიცოს აფხაზეთის სუსტი ეკონომიკა, მოიზიდოს ინვესტორები მისი განადგურებული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და ფრთხილად მართოს რეგიონის დამოკიდებულება რუსეთზე. მაგრამ ამით დასავლეთი მარგინალიზებული რჩება კავკასიის ამ ნაწილში და ეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ვაშინგტონი და ბრუსელი უნდა ანვითარებდნენ დიდ სახელმწიფოთა კლიენტიზმისა და კონკურენციის ყველასთვის კარგად ცნობილი სისტემის ალტერნატივებს", - აღნიშნულია ანალიტიკურ მასალაში, რომლის ქართულ თარგმანსაც Foreignpress-ი აქვეყნებს.

 

ავტორი: . .