ENG / RUS       12+

ნინო ბურჯანაძე: შეიძლება არასწორი იყო, როცა შევქმენით ილუზია, რომ 100-150 ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანით ამ ტიპის რეჟიმს მოვიშორებდით

რესპოდენტის შესახებ

მიიწურა კიდევ ერთი წელი, რომელმაც ასევე კიდევ ერთხელ და თვალნათლივ დაგვანახა, რომ საქართველოში არაფერი იცვლება და, თუ იცვლება მხოლოდ უარესობისაკენ... პოლიტიკოსები გამუდმებით "მოძრაობენ" ხელისუფლებიდან ოპოზიციაში და ოპოზიციიდან ხელისუფლებისაკენ მიმავალი გზებით... ხალხს გამუდმებით გაჰყავს გვირაბი, რომელის გასასვლელი იმთავითვე "ჩახერგილია" და სინათლის ნაცვლად სიბნელისთვისაა განწირული... ვიღაც გაიყიდა, ვიღაცამ დახეული საპარლამენტო მანდატი "დააწება", ვიღაც არჩევნებისთვის ემზადება, ვიღაც პრაიმერს ითხოვს, ვიღაც დადუმდა და ვიღაც საერთოდ "გაქრა" ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილა... პრაქტიკულად, შეურიგებელთა შორის გამოკვეთილი ფიგურა მხოლოდ ნინო ბურჯანაზე და მისი პოლიტიკური გუნდია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით...

_ ბუნებრივი, ხელისუფლებაში ყოფნა გაცილებით კომფორტულია, თუმცა თქვენ ორგზის იყავით ოპოზიციაშიც... პირველი მცდელბა წარმატებით დასრულდა, თქვენ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდით. რასაც მეორე შემთხვევაზე ჯერჯერობით ვერ ვიტყვით. ნანობს თუ არა ნინო ბურჯანაძე ამჯერად ოპოზიციაში წასვლას?

_ არც ერთი წამით. ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ ალბათ სჯობდა უფრო ადრე წამოვსულიყავი, თუმცა აქაც სადავოა ბევრი მომენტი. რაც შეეხება თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, რომელშიც გარკვეულ წილად შეფასებაცაა _ თითქოს ხელისუფლებაში ყოფნა გაცილებით კომფორტულია _ ვერ გავიზიარებ. გააჩნია რას ვგულისხმობთ კომფორტში. თუ კომფორტში ყოფნა გამოიხატება იმაში, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მე არ მქონდა ისეთი ტიპის პრობლემები როგორიც დღეს მაქვს: არ აპატიმრებდნენ ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს და არც ღია რეპრესიებს უწყობდნენ ჩემს მახრდამჭერებს, მაშინ კომფორტში ვყოფილვარ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება უფრო მცირე მასშტაბითა და დაფარული ფორმებით მაშინაც ავიწროვებდა ჩემს გარემოცვას, როცა პარლამენტის თავჯდომარე გახლდით. რაც შეეხება შინაგან კომფორტს, მე დღეს ბევრად მშვიდად ვარ იქ სადაც ვარ, იმის მიუხედავად რომ საწუხარი და საფიქრალი ძალზე ბევრი მაქვს... შინაგანი კომფორტი იმისა, რომ თავისუფალი ვარ და ვაკეთებ იმას რაც სწორად და გამართლებულად მიმაჩნია, არსებითად მნიშვნელოვანია და ყოველგვარ თანამდებობრივ კომფორტზე ფასეული.

შედეგია აქვს ჩემს ოპოზიციაში ყოფნასაც. ჩვენი პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა", მიუხედავად იმისა, რომ ერთ წლისაა, სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ძალად, რომელსაც აქვს კომპეტენცია, უნარი, გამბედაობა. ძალად, რომელსაც ქმნის ის ხალხი, ვინც ბოლომდე იბრძოლებს და არ დაიწყებს პოზიციების შეცვლასა და აქეთ-იქეთ სირბილს. რასაკვირველია, ჩვენი მთავარი ამოცანას ამ ეტაპზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს, მაგრამ არა იმიტომ რომ ეს ჩვენს პარტიას სჭირდება, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ გვჯერა და გვწამს - ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა. Dდა რაც მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.

_ რატომ ვერ მიაღწიეთ ამ შედეგს აპრილის აქციების დროს, როცა მთელი ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით იბრძოდით? და რა გაძლევთ დღეს იმედის საფუძველს, როცა პრაქტიკულად მარტო დარჩით შეურიგებელთა შორის?

_ დიახ, თქვენ სწორად ბრძანეთ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის ადეკვატურად, ჩვენ შეურიგებელთა პოზიციაზე ვდგავართ და არა რადიკალიზმის. ერთხელ ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვთქვი - რადიკალები რომ ვიყოთ, რაც ამ ქვეყანას სააკაშვილმა დამართა, მის ჩამოხრჩობას უნდა ვითხოვდეთ. ჩვენ კი, მხოლოდ მის გადადგომას ვითხოვთ. ჩვენი ყველა ქმედება რადიკალური რომ იყოს, ბუნებრივია სხვა რეალობა გვექნებოდა, მაგრამ ჩვენ ადეკვატურად ვმოქმედებთ. რაც შეეხება მარტო დარჩენას, მე არ ვიტყოდი, რომ მარტო დავრჩი შეურიგებელთა შორის. ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლები, ვისთანაც ვმსჯელბთ, თუ როგორ გავაგრძელოთ მომავალი წლიდან აქტიური ქმედებები.

_ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრშიც არიან ასეთები?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაშიც გამოჩნდებიან ის ადამიანები, ვინც აქტიურად და ღიად დააფიქსირებს ამ პოზიციას.

თქვენ იკითხეთ, როდესაც ყველა ერთად იყავით, რატომ ვერ მიაღწიეთ შედეგსო. ჯერ ერთი, როგორც წესი, ასეთ ნახევრად დიქტატორულ და ჩამოყალიბებულ ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა არც ისე მარტივია. შეიძლება მართლაც არასწორი იყო, როცა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენივე სურვილებიდან გამომდინარე, შევქმენით იმის ილუზია, რომ 100-150 ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანით და თუნდაც, სამთვიანი უწყვეტი აქციებით შესაძლებელი იყო ამ ტიპის რეჟიმის თავიდან მოშორება. 

ეს არ არის მარტივი ბრძოლა და ბუნებრივია, ის დროშიც გაიწელა. მაგრამ, როდესაც ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდაინა და უამრავი უბედურება დამართა ქვეყანას, ჩვენ უკანდასახევი გზა აღარ გვაქვს, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს არიან იმ მდგომარეობაში, როცა გაცნობიერებული აქვს _ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში ქუჩაში თავს ვერ გამოყოფენ, უარეს შემთხვევაში კი, ციხეში აღმოჩნდებიან. ამიტომ ისინი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ და ყველაფერზე წავლენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. 

ეს ჩვენ ბრძოლას უფრო ართულებს და ზღუდავს მოქმედების არეალში, რადგან ჩვენ, ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ქვეყანას ვუფრთხილდებით და ვცდილობთ არ ვაზიანოთ. ბრძანეთ "აპრილის აქციების დროს ყველანი ერთად იყავითო", აქაც დასაზუსტებელია ბევრი მომენტი. დიახ, ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ რამდენად მყარი და რეალური იყო ეს ერთობლიობა, რამდენად ვიყავით მართლა ერთად... სურვილი, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისა, დარწმუნებული ვარ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა; მაგრამ იმდენად განსხვავებული იყო ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მიგვეღწია ამ შედეგისათვის, რომ ხშირად ერთიანობის სურვილი გვაიძულებდა კორექტივები შეგვეტანა ჩვენს გადაწყვეტილებებში. Aარ არსებობდა გადაწყვეტილებების საბოლოო რეალიზაცია. როდესაც მე და ჩემმა პარტიამ "დემოკრატიული ფრონტი", ანუ "შეურიგებელთა კოალიცია" გამოვაცხადეთ, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ - ერთად დავმდგარიყავით ის ადამიანები, რომელთაც არა მარტო მიზანი და სურვილი აქვთ საერთო, არამედ ხედვაც _ თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამ მიზანს. იმ შემთხვევაში, თუ შეურიგებელი ძალები ერთად დადგებიან და აღარ იქნება შიგნით ტაქტიკური გადაწყვეტილების დროს განსხვავებული მოსაზრებები (კამათი, რასაკვირველია, იქნება), საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბება აღარ გაჭირდება და შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.

_ წინასაახალწლო განწყობას ალბათ, ნაკლებად უხდება ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თვითკრიტიკის განცდა პრაქტიკულად დაკარგა. თუ ცალკეული პარტიები ვინმეს აკრიტიკებენ, ისევ და ისევ ყოფილ პარტნიორებს და არა საკუთარ თავს...

_ რა თქმა უნდა, წინასაახალწლოდ ყველას სურს საზეიმო განწყობის შექმნა და შენარჩუნება. Bბუნებრივია, არც მე მსიამოვნებს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ ვაღიარებთ, თუ არა, ეს პრობლემები მაინც არსებობენ. Aთავის დამშვიდება იმით, რომ "იბერია გაბრწყინდება", საკმარისი ნამდვილად არაა. დიახ, იბერია მართლაც გაბრწყინდება, მაგრამ ვიდრე გაბრწყინდება მას სჭირდება ბრძოლა, შრომა, ოფლი, ცრემლი, იმედია სისხლი არა... ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ შევქმნათ დემოკრატიული, სამართლიანი და ღირსეული სახემწიფო. თუ მთელი საქართველო ფეხზე დადგება, მერწმუნეთ, ჩვენ ამ ქვეყნის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ.

_ ფეხზე დადგომაში რას გულისხმობთ? ეს ხალხი სამი თვე იდგა ფეხზე, მაგრამ თავადვე აღიარებთ, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად...

_ აპრილის აქციებს სხვა პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა ერთი მილიონი ადამიანი ქუჩაში რომ გამოსულიყო და ყველას ერთხმად, პრინციპულად ეთქვა - ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ გვინდა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ელემენტარულ და მინიმალურ სტანდარტებს მაინც დაიცავს, ადამიანებთან და ქვეყნებთან ურთიერთობაში, შედეგი ნამდვილად დადგებოდა. დღეს უკვე სხვა რეალობა გვაქვს, ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში არ უნდა გაგრძელდეს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენეოთ დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაც, რომელთაც სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვთ დღეს, ვიდერე ეს ერთი წლის წინ ჰქონდათ. 

შეიცვალა ძალიან ბევრი კომპონენტი, არაფერი გაუმჯობესებულა, მხოლოდ გაუარესებისაკან წავიდა პროცესები. ასე, რომ ჩვენ ბრძოლის გაცილებით მეტი მორალური საფუძველიც გვაქვს. ადამიანები მხოლოდ მედიის საშუალებით კი არ უნდა იგებდნენ რა ხდება აქციებზე, მხოლოდ პრესითა და ტელევიზიით კი არ უნდა ეცნობოდნენ განცხადებებისა და პრესკონფერენციების შინაარს, არამედ თავადაც აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში. 

ბრძოლა მხოლოდ მიტინგზე სიარულში არ გამოიხატება. როდესაც თქვენს მეზობელს ტყუილად დაიჭერენ, თქვენ კი იცით რომ ის ნარკომანი არაა, არც იარაღი ჰქონია, მაგრამ მას პოლიციამ ლამის საბრძოლო არსენალი "აღმოუჩინა", დაიცავით ის უდანაშაულო ადამიანი, ამოიღეთ ხმა, ნუ მოაწერთ ყალბ ჩვენებას ხელს, ნუ გაატანთ პოლიციას, ნუ შეეგუებით უსამართლობას, ნუ შეეგუებით იმ რეალობას, რაც არაა შესაგუებელი!.. როდესაც თქვენს თანამშრომელს სამსახურიდან გაგადებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციის მხარდამჭერია და მიტინგზე დადიოდა, დაიცავით მისი უფლებები... მე მესმის, რომ ადამიანების უმრავლესობას ყოფითი და მატერიალური პრობლემები აქვთ და ყოველი კაპიკი მათი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს გაცილებით დიდი ღირებულებებიც. ნუ შეგვეშინდება, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ?.. ყველას ხომ ვერ გააგდებენ სასმასხურიდან?.. არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთმინლიონიანი აქციების მოწყობა. თუ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მეზობელს და თანამშრომელს, თუ ჩვენ დავიცავთ სრულიად უცნობ, ქუჩაში გამვლელ ადამიანთა უფლებებს, შედეგი აუცილებლად დადგება.

_ თქვენ სამოქალაქო სექტორის გააქტიურებაზე საუბრობთ, მაგრამ რა უნდა უნდა შეცვალონ ოპოზიციურმა ძალებმა სამოქმედო სტრატეგიაში? რა უნდა მოიმოქმედონ თავად ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა?

_ პოლიტიკოსებმა ნათლად უნდა გააგებინონ ხალხს რა გზას ირჩევენ, რას აკეთებენ. მწყობრად უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი ხედვა და თანმიმდევრულად განახორციელონ ქმედება დასახული მიზნისკენ. დღეს ყველაზე მეტად ამის მოთხოვნილება და აუცილებლობაა.

_ და ბოლოს, განვლილ წელს უამრავ ნეგატავითან და მცირე პოზიტივთან ერთად, იყო ერთი საინტერესო მომენტიც: აპრილის აქციებზე თქვენს გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ თქვენ ხალხი სტვენიდან ტაშის დაკვრის "რეჟიმში" მალევე გადაგეყვანათ... როგორ შეძელით ეს და რამდენად რთული იყო თქვენთვის მორალურად იმის დათმენა?

_ არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა გამიჭირდება, არც შეცდომების აღიარება მიჭირს, და არც საკუთარი პოზიტივის შეფასება. მე პირნათელი ვარ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. 

აპრილის აქციებზე იმ ადამიანების გარდა, რომლებიც მართლაც გულწრფელად უსტვენდნენ, იყვნენ შემოგზავნილი ადამიანებიც, ვერცხლისფერი სასტვენებით... საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და სმენაც ხელს მიწყობს საიმისოდ, რომ მივხვდე ვინ საიდან უსტვენდა და ვისი დაკვეთით. Mმათვის ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემთვის გაცილებით მტკივნეული იყო ის, რომ ვიცოდი - იქ იყო ის ხალხიც, ვინც ყოველგვარი დაკვეთის გარეშე, მართლაც გულწრფელად უსტვენდა... მე ჩავთვალე, რომ მათ ამის უფლება ჰქონდათ... Mმე ჩავთვალე, რომ ეს ადამიანები ჩემგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ჩემთან გაცილებით მეტი პრეტენზია ჰქონდათ, ვიდრე სხვების მიმართ... და მათი გულისწყრომაც ჩემდამი, სწორედ ამიტომაც იყო გაცილებით დიდი... მე ეს საკუთარი ხალხის ნაწილისგან მივიღე, როგორც საყვედური, როგორც გულისტკივილი, როგორც იმედგაცრუება... მაგრამ მე ისიც ვიცოდი, რომ აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი და მათ ვეუბნებოდი იმას, რაც მართლა გულიდან ამომდიოდა.

გვერდით მედგა ჩემი თხუთმეტი წლის შვილი, მე მის გვერდით ვერ მოვიტყუებოდი და ეს ხალხმა იგრძნო... როცა გულწრფელი ხარ და სინანულიც გულწრფელი გაქვს ხალხი გპატიობს შეცდომებს და გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მათთან ერთად გააგრძელო ბრძოლა სამართლიანობისათვის!..


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ელგა ფოლადიშვილი

 

ავტორი: . .