რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა ტაიმურაზ მამსუროვმა დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ "ამ დღეებში ზედმეტი არ იქნება თუ გავიხსენებთ იმ ტრაგედიას, რომელიც სამი წლის წინ სამხრეთ ოსეთში მოხდა, გავიხსენოთ მსხვერპლისა და გმირების შესახებ, რომლებიც აგრესიას იგერიებდნენ".
"ყველა შეფასება რუსეთის მიერ უკვე გაკეთებულია და ყველა გადაწყვეტილება მიღებული. ამას ახლა აღარ დავუბრუნდები", _ განაცხადა პუტინმა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ პუტინმა მამსუროვთან ერთად ასევე განიხილა საკითხები, რომლებიც "სამხრეთ ოსეთში ნორმალური ცხოვრების აღდგენას ეხებოდა".
"ეს თქვენთვის არა მხოლოდ მეზობლები არიან, არამედ თვენი ძმებია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით", _ განუცხადა პუტინმა მამსუროვს.