ENG / RUS       12+

ირაკლი ალასანია: საქართველოში რეფორმების მწვავე აუცილებლობაა

კავკასიაში მდებარე საქართველო ცვლილებების გზაჯვარედინზეა. საპროტესტო აქციების გარეშეც, საზოგადოება უაღრესად პოლარიზებულია. ეს იწვევს არეულობებს, რომელიც აღარ შეჩერდება, სანამ არ შეიცვლება ხელისუფლება და საბოლოოდ არ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმები.

მე კარგად ვიცნობ ამ ხელისუფლებას და მის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე საქართველოს ელჩად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. თანამდებობიდან 2008 წლის ბოლოს გადავდექი, რადგან არ დავეთანხმე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიერ გადაწყვეტილებათა არათანმიმდევრულად და ცალმხრივად მიღებას.

ამ მთავრობის უუნარობამ, გაიზიაროს განსხვავებული შეხედულებები, ჩემი ქვეყანა რუსეთთან იმ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა, რომლის მოგების შანსიც არ გვქონდა. მაგრამ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება კვლავაც გრძელდება. ჟურნალისტები აპროტესტებენ ჯაშუშობის ბრალდებით სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის დაპატიმრებას, რომელმაც პოლიციის სისასტიკე ფირზე აღბეჭდა. ეს 26 მაისის აქციაზე ოთხი მომიტინგის მკვლელობის შემდეგ ხდება.

ამ უაზრო სადამსჯელო ღონისძიებებიდან გამოსავალი არის ორი. პირველი არის ის, რომ უნდა შეიქმნას პოლიტიკური კონკურენციისა და მშვიდობიანი გზით ძალაუფლების გადაცემის უკეთესი მექანიზმი. შესაბამისი საარჩევნო რეფორმის გარეშე სააკაშვილის ავტორიტარიზმი უკონტროლო გახდება. ქართველ ხალხს კი მეტი ასე ცხოვრება აღარ შეუძლია.

და მეორე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უნდა გახდეს დაცული. თანამედროვე მსოფლიოში ხალხის ხმა გაგონილი უნდა იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში განსხვავებული აზრი ძირითადად მიუღებელია.

ქართველებმა იციან, რომ მათ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მხოლოდ მცნებები არსებობს. ისინი იმედგაცრუებულები და გაოგნებულები არიან ქვეყანაში მომხდარი უახლესი მოვლენებით. მსოფლიოს ჯერ კიდევ ახსოვს მოკრძალებულად 2003 წლის ვარდების რევოლუცია, როდესაც არჩევნების მასშტაბურად გაყალბებისათვის გადაყენებული იყო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. რა თქმა უნდა, შედეგად მოსალოდნელი იყო უფრო ღია საზოგადოების ჩამოყალიბება.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. გასული რვა წლის განმავლობაში ძალიან ცოტა რამ გაკეთდა დამსხვრეული დემოკრატიის აღსადგენად. საზოგადოებას ჯერ კიდევ სჭირდება უფრო მეტი რწმენა ამომრჩეველთა ოფიციალური სიების მიმართ. პრინციპი ერთი ადამიანი - ერთი ხმა დარღვეულია ამომრჩეველთა სიებში მანიპულაციების გზითა და იმ უსამართლო სისტემის მეშვეობით, რომელიც სახელისუფლებო პარტიას უფრო მეტი ადგილების დაკავების შესაძლებლობას უქმნის, ვიდრე რეალურად არჩევნებში აქვთ მიღებული. გარდა ამისა, მთავრობას აღარ უნდა მიეცეს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის სახელმწიფო სახსრების ხარჯვის უფლება. რეალურად, გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხებით ხელისუფლება კორუფციულად ყიდულობს თავის გავლენასა და ძალაუფლებას. ეს უნდა შეწყდეს.

მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პარტიის - თავისუფალი დემოკრატებისა და ხუთი სხვა ოპოზიციური პარტიის მცდელობებისა, რეფორმების განხორციელებაში მიგვეღწია პროგრესისთვის, სწორი მიმართულებით მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე იძულებითი ნაბიჯი გადადგა. აუცილებელია კი მეტის, ბევრად მეტის გაკეთება.

ცენზურის შავი ღრუბელი აუცილებლად უნდა გადაიდენოს ქართული მედიის ციდან. ორი ყველაზე ყურებადი ტელე-არხი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ახალ ამბებს მუდმივად მთავრობის სასარგებლოდ აშუქებს. მესამე, ალტერნატიულ საინფორმაციო ტელე-არხ მაესტროს არ მიეცა ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზია, საკაბელო კომპანიებს კი ფარულად აიძულეს ამ ტელე-არხის თავიანთ შეთავაზებათა პაკეტიდან ამოღება. ხელისუფლება რომ სერიოზულად ფიქრობდეს მედიის თავისუფლებაზე, მაშინ მაესტროს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის საშუალებას მისცემდა. აგრეთვე, იგი დაანებებდა თავს ჟურნალისტებისთვის ჯაშუშობის დაბრალებას. ცოტა ხნის წინ საქართველოში სტუმრად მყოფმა დამოუკიდებელმა რუსმა ჟურნალისტმა გამაოგნებელი პარალელი გაავლო საქართველოში მედიის თავისუფლების დღეს არსებულ მდგომარეობასა და ვლადიმერ პუტინის მიერ ათი წლის წინ რუსეთში განხორციელებულ პრესის დადუმების კამპანიას შორის.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ მარტივი გამოწვევები. მაგრამ რთული გზა იწყება რამდენიმე გულწრფელი ინიციატივით. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო გამორჩეულია მისი ხალხისთვის დამახასიათებელი, ისტორიულად დამკვიდრებული ოპტიმიზმით. ამერიკელების მსგავსად, ჩვენც ყოველთვის ვამბობთ: „დიახ, ჩვენ შეგვიძლია". მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია გულწრფელად იმის თქმა, თუ რა არის არასწორი დღეს საქართველოში. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ მდგომარეობის გამოსწორებაზე სერიოზული მუშაობის დაწყება.

”ვაშინგტონ თაიმსი”

ირაკლი ალასაინია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი. 

http://www.washingtontimes.com/news/2011/aug/5/republic-of-georgia-desperate-for-reform/print/

 

ავტორი: . .